როგორც „ნიუპოსტს“ მოქალაქე ნანა მეგრელიძემ განუცხადა, მოსახლეობის სურვილია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოჩა გუგუნავა გახდეს.
მეგრელიძის თქმით, გუგუნავა, რომელიც აჭარის პრობლემებს კარგად იცნობს და ადგილობრივების ნდობით სარგებლობს. რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს, ის რეგიონის პრობლემებს არ იცნობს.
„ჩვენ წარმოვადგენთ მოქალაქეთა ჯგუფს, რომელსაც გული შესტკივა რეგიონზე. კანდიდატი კი, რომელიც „ოცნების“ მხრიდანაა დასახელებული, შეიძლება ითქვას, არ იცნობს ადგილობრივების პრობლემას, ნაკლებად მისაღებია საზოგადოებისთვის და რაკი დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გვაქვს იმის საშუალება, უბრალო მოქალაქეებმაც დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ჩვენი ხმა მივაწვდინოთ პრეზიდენტსა და მთავრობას, ჩვენი დიდი სურვილია, აჭარის მთავრობის მეთაურად გოჩა გუგუნავას კანდიდატი შევთავაზოთ გიორგი მარგველაშვილს.
გუგუნავა ბათუმში დაბადებული და აქ გაზრდილი ადამიანია, იცნობს აჭარის რეგიონს თავისი პრიორიტეტებითა და პრობლემებით. არის ძალიან კომუნიკაბელური - არ არსებობს მასთან ურთიერთობაში ბარიერი, ხალხისთვის ადვილად მისაწვდომია, იცნობს აჭარა და იცნობს ქალაქი. რაც მთავარია, მოსახლეობისთვის არ არის უცხო.
ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, შევხვდეთ პრეზიდენტს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს. გვინდა მოისმინოს უბრალო მოქალაქეებს აზრი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. გვესმის, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა ძალიან გაგვიხარდება, თუ დროს გამონახავს და ჩვენი შეხვედრა შედგება“- აღნიშნა მოქალაქემ.
შეგახსენებთ, გოჩა გუგუნავა პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა ის ბათუმის მერობის კანდიდატი იყო.
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.
გიორგი მარგველაშვილი უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში შემავალი „ქართული ოცნების" სამი ფრაქციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
ქვეყნის პირველი პირი ამჯერად აუდიენციას ფრაქცია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან მართავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივლისს ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. პატარაძემ თანამდებობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






