საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-ს ბრიუსელის სამიტმა მიიღო მნიშვნელოვანი დეკლარაცია, ერთი სამიტის, მეორე კი - ნატო-საქართველოს კომისიის კუთხით. მისივე განცხადებით, ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.
„ითქვა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, განსაკუთრებით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ მთავარი მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით, რაც უკავშირდება ადეკვატურ დაფინანსებას. ეს იყო სამიტის ერთ-ერთი მწვავე თემა. კერძოდ ის, რომ ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ ერთი მოწინავე პარტნიორი ქვეყანა ნატო-სთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, ეს მოთხოვნა 2024 წელს შესრულდეს“,-განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა:
„ეს გამოიხატება მათ შორის დეკლარაციაში გაცხადებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების ინიციატივაზეც. კერძოდ, საუბარია ახალი ინიციატივების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება, საუბარია ასევე უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემის მიმართულებით. რაც მთავარია, ერთობლივი წვრთნების ჩატარების დაგეგმვაზე, რომელიც მიმავალ წელს გაიმართება უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე 2016 წლის მიწურულს გაიმართა“, – განმარტა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






