ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით რეფორმების მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა და ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკნ მოუწოდა:
„რეფორმების მხრივ, თქვენს მიერ მიღწეული პროგრესი ჩვენთვის შთამბეჭდავია და მოგიწოდებთ ამის გაგრძელებისკენ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი აძლიერებს თქვენი ქვეყნის რეფორმების ძალისხმევას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის მოხარულია პოლონეთში ნატო-ს საწვრთნელ ცენტრსა და თბილისის მახლობლად მდებარე ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.
„ველოდები, რომ მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს წვრთნებში მოკავშირეების ფართო ჩართულობა იქნება. ასევე, მადლობას გიხდით შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაში თქვენს მიერ შეტანილი წვლილისთვის. ეს არის სტრატეგიული რეგიონი, სადაც ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას:
„და ბოლოს, გილოცავთ თქვენს სწრაფვას, შეასრულოთ ნატო-ს გზამკვლევი, რაც გულისხმობს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვას. ბატონო პრეზიდენტო, მადლობა კიდევ ერთხელ, რომ იმყოფებით აქ, ნატო-ს ლიდერებთან. ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძლიერია, როგორც არასდროს“, – მიმართა იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






