მურთაზ ზოდელავა „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია.
"ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია. ვთვლით, რომ სამთავრობო ცვლილებები ფასადურია და არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია, ანუ პოლიტიკის ბენეფიციარი და მთავარი დამკვეთია. ხალხს აქვს მოთხოვნა, რომ იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ შეიცვალოს ყველა ის მიმართულება, სადაც ხელისუფლებამ უმძიმესი ჩავარდნა განიცადა, თუმცა ამ მოთხოვნას ხელისუფლება,პასუხობს ისე, როგორც დღეს ვიხილეთ. ეს რეალურად მამუკა ბახტაძის კაბინეტი ხომ არ არის, ვის სჯერა საქართველოში, რომ მან დააკომპლექტა მინისტრთა კაბინეტი?!"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
რაც შეეხება თეა წულუკიანის მინისტრთა კაბინეტში დარჩენას, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ როგორც ჩანს იუსტიციის მინისტრს დიდი კომპრომატები აქვს პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ქალბატონ წულუკიანს სკანდალური კომპრომატები აქვს უშუალოდ ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. რაც შეეხება სოზარ სუბარს, ის ხელაღებით მოისროლეს და მირზა სუბელიანის სკანდალი მხოლოდ მას აკიდა „ქართული ოცნების“ პოლიტელიტამ. წულუკიანი არა იუსტიციის მინისტრი, არამედ შანტაჟის მინისტრია“ - დასძინა მურთაზ ზოდელავამ.
"ნიუპოსტთან" საუბრისას მურთაზ ზოდელავა საპროკურორო საბჭოს მიერ, მთავარი პროკურორობის კანდიდატად ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, შალვა თადუმაძის ერთხმად არჩევასაც გამოეხმაურა.
"ეს გადაწყვეტილებაც ეკუთვნის ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს. ამ ადამიანის ერთადერთი ფუნქცია ექნება ჩაკეცოს, ყველა ის სისხლის სამართლებრივი საქმე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია. მათ ჰგონიათ, რომ თადუმაძე დავალებებს შეასრულებს და პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმეების კვალი ივანიშვილამდე ან იმ ადამიანებამდე არ მივა, რომელმაც მისი დავალებები შეასრულეს, თუმცა ამ ამოცანების შესრულება შეუძლებელია, რადგან იმდენად შავ-ბნელი საქმეებია, იმდენად დიდი ყურადღებაა საზოგადოების მხრიდან, რომ შეუძლებელია ეს საქმეები უახლოეს პერიოდში არ გაიხსნას და კონკრეტული კვალი ან ივანიშვილამდე, ანდა, იმ ადამიანებამდე არ მივიდეს, რომლებიც მის უკანონო, დანაშაულებრივ დავალებებს ასრულებენ"- განმარტა ზოდელავამ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა დღეს წარადგინა. მინისტთა ახალ კაბინეტში შენარჩუნებულია ძალოვანი მინისტრები და ეკონომიკური ბლოკი კი შეცვლილია.
პოსტს ინარჩუნებს თეა წულუკიანიც, რომლის შეცვლასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






