საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო განაგრძობს საქართველოს მომზადებას წევრობისთვის.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორობა მჭიდრო გახდა. მისივე თქმით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორობა საქართველოსთან უნიკალურია და საქართველოს ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
„ჩვენ საქართველოს მადლობელი ვართ ავღანეთის მისიაში წვლილის შეტანისთვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის. საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს რეფორმებს თავდაცვის სფეროში. ასევე მადლობას ვუხდით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეს სტრატეგიული რეგიონია, სადაც ჩვენს თანამშრომლობას ვზრდით. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ასევე გილოცავთ, რომ ნატო-ს მოთხოვნას ასრულებთ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






