გოცირიძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ შალვა შავგულიძის მიერ კანდიდატურის მოხსნა დაგვიანებული იყო, ხოლო ნინო გოგნიაშვილი იმიტომ მონაწილეობდა, რომ გენდერული კვოტა შეავსო.
"საქართველოში იშვიათად მოიძებნებოდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა იმის ილუზია, რომ შეიძლებოდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე გენერალური პროკურორი ყოფილიყო შერჩეული. ყველამ ვიცოდით, რომ მეხუთე მთავარ პროკურორს უნდა დაეკმაყოფილებინა ერთი მთავარი კრიტერიუმი - მან უნდა შეასრულოს ყველა დავალება, რომელსაც ქართული ოცნება და ივანიშვილი გასცემს. ის უნდა იყოს პირადად ბიძინა ივანიშვილის მორჩილი ანუ ყველაფრის შესრულება და სრული მორჩილება"- განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრო და საპროკურორო საბჭო "მახინჯი წარმონაქმნებია".
"ორივე მათგანი მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. ის უამრავი უსამართლობა, რომელიც პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში მოხდა, დიდწილად მათ სინდისზეა. თადუმაძის ერთსულოვნად არჩევა, მათ წინ დახვდებათ. ეს სიკეთეს არც ამ ხელისუფლებას და არც ამ ქვეყანას მოუტანს"- განმარტა რომან გოცირიძემ.
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად შალვა თადუმაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას ხმა საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. მის კონკურენტს ნინო გოგნიაშვილს არც ერთმა წევრმა არ მისცა ხმა, ხოლო "ევროპული საქართველოს" წარდგენილმა შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






