ჯვართამაღლების მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ამბობს, რომ სასულიერო პირები სხვებისთვის მაგალითის მიმცემნი უნდა იყვნენ, წინაამღდეგ შემთხვევაში, ის ცუდი პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, შეუქცევადი გახდება.
„უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება სასულიერო პირებს, რომ ჩვენში გავაცოცხლოთ ქრისტე, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი სიტყვით, ჩვენი ღვთის მაძიებლობით, ჩვენი ლოცვით, ჩვენი ღვთისმსახურებით, ჩვენი მოყვასისადმი დამოკიდებულებით და ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულით იმიტომ, რომ ქრისტიანს სამშობლო გაცნობიერებულად უყვარს, მან იცის რას აკეთებს როცა სამშობლო უყვარს, იგი თავის მომავალ თაობას აძლევს საშუალებას, აქ რომ დაიბადებიან ჯერ კიდევ დაუბადებელნი, მათ ქრისტე შეიცნონ და ჩვენ რათქმაუნდა ქედს ვუხრით ჩვენს დიდ წინაპრებს, რომლებმაც ბრძოლით, სულიერით თუ ხორციელით, მოიტანეს ჩვენამდე ქრისტიანობა და მათ ესტაფეტას ვაგრძელებთ.
ჩვენ გაცნობიერებულად ვიცით რას ნიშნავს პატრიოტიზმი და ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის, ყველასთვის, ხოლო თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, დღევანდელი სასულიერო პირები, მრევლის წევრები ანუ ქრისტიანები, ერი და ბერი, თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ გაცნობიერებულად, მიზანმიმართულად, მიზანსწრაფულად, უპირველეს ყოვლისა საკუთარი მაგალითით თუ არ ვიქნებით ამის მჩვენებელნი და გამკეთებელნი, მაშინ ის ცუდი პროცესები რაც დღეს საქართველოში ხდება შეუქცევადი გახდება.
ჩემის აზრით ახლა არის (ისევ წმინდა წერილს დავესესხები) ჟამი გაღვიძებისა და გამოფხიზლებისა, ახლა, თითოეული ჩვენგანისათვის,“ - ნათქვამია ფეისბუკგვერდზე - „თეოდორე გიგნაძის ქადაგებანი“ გამოქვეყნებულ სტატუსში.
მასალის გამოყენების პირობები