პროცედურის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა დატოვა ირაკლი შოთაძემ, შოთაძის გადადგომის მიზეზი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოკლული არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






