საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სვანეთში სტიქიისს ეპიცენტრში იმყოფება და მიმდინარე მოვლენებს ადგილიდან ადევნებს თვალს. პრემიერის თქმით, დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციებს მიიღებს:
„ჩვენ გავაკეთებ სრულ კომპენსაციებს, აღვადგენთ მოკლე ვადაში როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე იმ საცხოვრებელ სახლებს, რასაც ზიანი მიადგა. ბუნებრივია, თუ ინჟინრებმა თქვეს, რომ ჯობია მოხდეს სახლის გადატანა, ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ გვმართებს მეტი ინვესტიციები პრევენციაში, ადრე შეტყობინების სისტემებში. ეს გამორიცხავს, რომ დავდგეთ ასეთი ფაქტების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი მდინარეა და საჭიროა, სწრაფი რეაგირებისა და ადრე შეტყობინების სისტემები იყოს ყველგან.
„სწრაფი რეაგირებისა და ადრე შეტყობინების სისტემები დღეს გვაქვს მხოლოდ ორ ადგილას. 2019 წლიდან ვიწყებთ ამ ძალიან მასშტაბურ პროგრამას და ორი წლის განმავლობაში ყველგან გვექნება, რომელიც გამორიცხავს, რომ ასეთი ფაქტების წინაშე აღმოვჩნდეთ. სტიქიურ უბედურებას წინ აღუდგე რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული პრევენციაზე და ეს სისტემები სწორედ ამაში დაგვეხმარება. ეფექტური პრევენცია არის ყველაზე მისაღები პასუხი ასეთი გამოწვევების დროს. ეს არის ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება იმ მთებზე, საიდანაც ჭარბი ნალექის მიღების საშიშროება არსებობს, რაც საშუალება მოგვცემს, ვადაზე ადრე შევიტყოთ ასეთი რისკების შესახებ. აპრობირებული სისტემებია, საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ ევროკავშირიც გვეხმარება და ძალიან მოკლე ხანებში დავამონტაჟებთ”, – განაცხადა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






