განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა.
„დღეს სესიაზე იყო მოსაზრება ერთ მუხლთან დაკავშირებით, სადაც სამინისტროების ჩამონათვალია გაკეთებული. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე სადაც არის საუბარი, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ჩვენი პოზიციაა, რომ დასახელებას მეცნიერება დაემატოს. ფორმულირება ალბათ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება, შესაძლებელია მეცნიერება, განათლება, კულტურა, სპორტი – შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი სამინისტროს სახელი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და არა ის, რაც იყო თავდაპირველ ვერსიაში, სადაც დევნილების ნაცვლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეწერა.
მასალის გამოყენების პირობები






