თბილისის მერი კახა კალაძე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ღია ტიპის კაფე-ბარების მეპატრონეებთან სათანადო ნებართვის მიღებისა და იერსახის წესრიგში მოყვანის მიზნით, აქტიურ კომუნიკაციას ავალებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა:
„ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს კაფეების მეპატრონეებს, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, სათანადო ნებართვებისთვის მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს. რასაკვირველია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თვითნებურად მოხდეს ღია კაფეების მოწყობა, რომელთა დიდი ნაწილი ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ელემენტარულად ტროტუარებზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელი ხდება. არაფერს ვამბობ შშმ პირებსა და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე, მათთვის შეუძლებელია გადაადგილება. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურს მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო და დავავალო, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მოაწესრიგონ ყველანაირი დოკუმენტაცია, წესრიგში მოიყვანონ იერსახე. ჩვენ ყველა ამ ქალაქის შვილები ვართ და ყველა ჩვენი მიმართულებით ვზრუნავთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილმოწყობაზე. ის ადამიანები, ვისაც კაფე-ბარები აქვთ, ისინი ზრუნავენ სხვა მიმართულებით, ესეც დასაფასებელია. ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება, რომ ეს ბიზნესი, ეს მიმართულება განვითარდეს. ყველაფერი უნდა იყოს წესრიგისა და კანონის ფარგლებში. ზედამხედველობის სამსახურს მინდა ვუთხრა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. კაფე-ბარების მფლობელები მგონი პირველ რიგში უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი, განსაკუთრებით ქალაქის იერსახე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






