ჯერჯერობით უცნობია შეჩერდება თუ არა საბოლოო არჩევანი თადუმაძეზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილი პირადი იურისტის გარდა, თეა წულუკიანის ნათლულის მამაა.
ოპოზიციაში თემაზე კომენტარის გაკეთებისას აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოების მოთხოვნას არ გაიზიარებს და ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურორად მისთვის სასურველ პირს დანიშნავს.
„ივანიშვილს სჭირდება მის მიერ პირდაპირ კონტროლირებადი პროკურატურა და გახარიას უწყება, იმიტომ, რომ ამ ორი უწყების მეშვეობით აკეთებს ის ყველაზე შავ საქმეს, რაც სჭირდება მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მთავარი პროკურორის არჩევის შეჩერებას მოითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი, ასევე საპროკურორო საბჭოს მოწყობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და არ არის თავისუფალი პოლიტიკური დაინტერესებისგან.
„მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს კვლავ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც ამყარებს რწმენას, რომ კანდიდატი ვერც ამჟამად უპასუხებს დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის მოთხოვნას“, - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეაჩეროს მთავარი პროკურორის მოქმედი წესით არჩევის პროცესი; შეიტანოს ძირეული ცვლილებები მთავარო პროკურორის არჩევის წესში და ჩამოშორდეს პროცესს იუსტიციის მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






