„როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახანს გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.
ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ. 2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით.
კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა.“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
მამა გიორგი აბდუშელიშვილი „ასავალ-დასავალთან“ აცხადებდა, რომ ყრილობა 2018 წლის 6 ივლისს, 18:00 საათზე უნდა გამართულიყო.
„მეუფე იობი ყრილობის ჩატარების საინიციატივო ჯგუფს- ეროვნულ საბჭოს დაჰპირდა, რომ შეიმუშავებს აღთქმის ტექსტს, რომელსაც ყრილობაზე წაიკიტხავენ! ამის შემდეგ თითოეული ქართველი ღმერთის, ქართველთა ხალხის , ერის და ბერის წინაშე აღთქმას დადებს.“-აცხადებდა მამა გიორგი, მისი თქმით, მოსაწვევები გაგზავნილია საპატრიარქოშიც.
მასალის გამოყენების პირობები






