ბოლო წლებში მიწისძვრები, ზოგადად, დედამიწაზეც გახშირდა, ჩვენთანაც და ჩვენ გარშემოც. ბუნებრივია, მიწისძვრის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ სავსებით რეალურია მიწისძვრით გამოწვეული დამანგრეველი შედეგების შემცირება. ეს კი, უპირველესად, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კითხვათა კითხვაა: აკმაყოფილებს თუ არა საქართველოში ახალმშენებლობები არათუ საერთაშორისო, რაიმე სტანდარტებს მაინც და როგორია თბილისში საკმაოდ მრავლად არსებული უკვე ამორტიზებული საცხოვრებელი სახლებისა თუ კორპუსების სეისმომედეგობა?!
მთელი მსოფლიო და, მათ შორის, თბილისი აშენებულია ისეთი ნორმებით, რომლებიც თანამედროვე მიდგომით, არასაიმედოა. თბილისში არის მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული შენობებიც, რომლებიც საერთოდ არ არის გათვლილი არანაირ მიწისძვრაზე. თუმცა თანამედროვე ნორმებს არც 20 წლის წინათ აშენებული ნაგებობები აკმაყოფილებს. მეორე მხრივ, პრობლემა ნორმებიცაა.
რიხტერის შკალა ადგენს იმ ენერგიის სიდიდეს, რომელიც გამოიყოფა მიწისძვრისას და დედამიწაზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრების მაგნიტუდაა 9.0.
მაგალითად, რიხტერის შკალით 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა გრუნტის ათჯერ მეტ რხევას იწვევს, ვიდრე 5.0 მაგნიტუდისა, იმავე შკალით. მიწისძვრის მაგნიტუდა და მისი სრული ენერგია ერთი და იგივე არ არის. ენერგია, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრში წარმოიქმნება მაგნიტუდის თითოეული ერთეულით მატებისას იზრდება, საშუალოდ, 30-ჯერ. ცნობისთვის: 2.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ძალიან სუსტია, 4.5 მაგნიტუდის დროს იგრძნობა მცირე ბიძგები, რომლებიც უმნიშვნელო ნგრევას იწვევს; 6.0 მაგნიტუდის იწვევს ზომიერ ნგრევას, 8.5 მაგნიტუდის კი იყო ყველაზე ძლიერი ცნობილი მიწიძვრები. რუსეთში, შესაბამისად, სსრკ-ში, გამოიყენება 12-ბალიანი შკალა (აქედან გამომდინარე, თბილისში საბჭოთა დროს აშენებული შენობები ამ შკალის 8-ბალზეა გათვლილი, იმიტომ რომ თბილისი, იმ შკალით, იმყოფება 8-ბალიანი მიწისძვრის ზონაში და 500 წელიწადში ერთხელ სწორედ ამ სიმძლავრით იძვრის ხოლმე მიწა ამ ქალაქში). მაგალითად, გასულ საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე ორი ცხრაბალიანი მიწისძვრა მოხდა (საბჭოთა, 12-ბალიანი შკალით) და შვიდი – რვაბალიანი. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით უნდა იგებოდეს შენობები ქვეყანაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა და, მეორე მხრივ, უნდა მოწმდებოდეს ძველი შენობები, იმისდა მიხედვით, როგორ შეცვალეს მაცხოვრებელბმა თავიანთი ბინების შიდა სტრუქტურა, მით უფრო, რომ არც მიშენებებია უცხო თბილისისთვის.
საინტერესოა, რომ მიწისძვრას ერთნაირი წარმატებით უძლებს, თუ ნორმების დაცვითაა აშენებული, როგორც მაღალი, ისე დაბალსართულიანი სახლები. თუმცა მაღლივ შენობებს მაინც სიფრთხლე სჭირდება, იმ მარტივი მიზეზით, რომ მაღალსართულიანი სახლები, თუ შორიდან მოსულ ძლიერი მიწისძვრის ტალღამ დაარწია (500 კილომეტრიდანაც კი) და შენობა მის რეზონანსში მოვიდა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ნგრევას.
ისიც ფაქტია, რომ საქართველოს რეგიონებში აგებული რამდენიმესაუკუნოვანი ნაგებობები (ისევე, როგორც ეკლესია-მონასტრები და ციხეები) წარმატებით უძლებენ მიწისძვრებს, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე შენობებზე,. ჩვენმა წინაპრებმა, როგორც ჩანს, უკთე იცოდნენ, სად რა როგორ ეშენებინათ, თუმცა მიწისძვრის მაგნიტუდას ვერ ზომავდნენ და არც სეისმომედეგობის თანამედროვე ნორმებს იყენებდნენ მშენებლობისას.
უფრო მეტიც, მაგალითად, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ამ პრობლემას საერთოდ არ ეხება, თუმცა დედაქალაქის განვითარების გენერალურ ხედვას გვთავაზობს. დედაქალაქში, ამ კუთხით, არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ თეა გოდოლაძესთან, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტრინგის ცენტრის დირექტორთან.
–თბილისში ბევრი ავარიული სახლია, შენდება ახლებიც, ამოწმებს ვინმე, შეესაბამება თუ არა ამ ნაგეობების სეისმომედეგობა თბილისის მიწის სეისმურ თავისებურებებს?
–სამწუხარო ის არის, რომ, რაც უფრო ჩავიხედეთ სამშენებლო სექტორში, უსაფრთხოების, სეისმომედეგობის, გარემოს ზემოქმედების კუთხით, სრული ანარქია დაგვხვდა. როდესაც გლობალურად უყურებ ამ პრობლემას, ხვდები, რომ უპირველესად მისი გამომწვევი მიზეზია ცოდნის გადაცემა. მოხდა წყვეტა და ეს უკვე სისტემურ ხარვეზადი იქცა.
–ვარაუდობდნენ, რომ მთელი რიგ სპეციალობებში ეს წყვეტა, ადრე თუ გვიან, იქნებოდა და ჩვენ არ გვეყოლებოდა ძალიან საჭირო დარგების სპეციალისტები. ამ სფეროშიც დავდექით უკვე ამ პრობლემის წინაშე?
–როდესაც თვალი გადავავლე კადრებს, რომლებიც ამ მიმართულებით იღებენ გადაწყვეტილებებს და წერენ რეკომენდაციებს, ის შემთხვევაა, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს დღეს თუ არა ხვალ. იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი საფრთხეებისადმი მოწყვლადი ქვეყანა ვართ, ბუნებას უნდა მოერგო, იმიტომ რომ ის არ მოგერგება. უნდა ვიცოდეთ, სად უნდა დავარტყათ ნიჩაბი და სად არა. თუ ჩვენი წინაპარი ხეობებში ცხოვრობდა, არჩევდა სტაბილურ გრუნტს და ჭალაში არ დგამდა სახლებს.
–და არა მდინარის კალაპოტში.
–არ მეგონა, თუ ასეთი მასშტაბი ჰქონდა ამას საქართველოს რეგოონებშიც კი. თბილისის რამდენიმე უბანი მოვინახულეთ და ადამიანებმა არ იციან, სად ცხოვრობენ, რატომ ყიდულობენ იქ სახლს, არც მშენებლებმა იციან, სად აშენებენ, რომ შესაძლოა, გრუნტი იყოს არასტაბილური. აქვთ დასკვნები, მაგრამ ვერც კი იაზრებენ, რა წერია იმ დასკვნებში. განეშენიანება მიდის ყველგან და ეს დაუშვებელია. კომუნისტების დროსაც კი არ აშენებდნენ ასე უსისტემოდ. ცოდნა მოდის დაკვირვებიდან, სტატისტიკური მაჩვენებლებიდან, სწავლიდან. ეს კი აღარ არის ამ ქვეყანაში, განათლების ბიუჯეტი წლიდან წლამდე იკლებს, მეცნიერების გარეშე ასეთი დარგები ვერ ვითარდება და უკვე დავედით იმ ქვეყნების დონემდე, სადაც ეს დარგები არ არსებობს და უცხოელ სპეციალისტებს იწვევენ, იქნებ რამე გვიშველონ. ასეთი მიდგომა კატასტროფას გამოიწვევს ქვეყანაში უახლოეს მომავალში, რაც ერთეულების კი არა, სისტემური პრობლემაა. რამაც უკვე იჩინა თავი დევდორაკის შემთხვევაში, თბილისში, ვერეს ხეობაში და კიდევ ბევრი უსიამოვნო რამ გველოდება არსებული მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე. საბედნიეროდ, ბევრი ადამიანი იზიარებს ჩვენს აზრს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია აზრის გამოხატვა და ბრძოლა მაშინ, როდესაც წინა პლანზე დგას ვიღაცეების ფინანსური ინტერესები.
–გეოლოგების თქმით, მცირე ბიძგებიც კი ააქტიურებს მეწყრულ სხეულებს, რომლებითაც დაფარულია საქართველოს ტერიტორია და თბილისიც. ესეც პრობლემაა?
–რაღაც მარცვალი არის ამაში, თუმცა საქართველოში ძალიან ბევრი მიწისძვრა ხდება და მეწყრული სხეულის გააქტიურება მხოლოდ მიწისძვრას არ უკავშირდება. მეწყერს ააქტიურებს დიდი მიწისძვრა, გრუნტის ძლიერი მოძრაობა. სტატისტიკას სხვა მაჩვენებელი აქვს, ანუ ასე მარტივად არ არის საქმე. თუმცა დაზუსტებით რომ გაგცეთ პასუხი, თუ რა პროცესებს იწვევს მეწყრების გააქტიურებას, ამას სჭირდება სკურპულოზური კვლევა. მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ კვლევის გარეშე ვერაფერს ვიტყვი. კვლევის შედეგად უნდა გაკეთდეს დასკვნა; ჩვენთან ადამიანები კი მხოლოდ ვიზუალური დაკვირვებით დებს რაღაც დასკვნას, ვიზუალურმა დაკვირვებამ შეიძლება, ეჭვები გაგიჩინოთ, მაგრამ ის დეტალური კვლევით უნდა გადამოწმდეს, რომელშიც უნდა ჩაერთოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი: გეოლოგები, გეოფიზიკოსები, სეოსმოლოგები…
გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ სეისმური კვლევები საკმაოდ სპეციფიკურია, ყველა ვერ ატარებს და ასეთი სპეციალისტების დეფიციტია უკვე ქვეყანაში. იმას გარდა, რომ ასეთი კვლევები ძვირად ღირებულია და დამოკიდებულია მონაცემთა ბაზაზე. კადრი იმდენად ცოტაა, რომ ფიზიკურად ვერ გავწვდებით იმ მშენებლობის მასშტაბს, რაც ქვეყანასა და, მათ შორის, დედაქალაქშია, გარდა მნიშვნელოვანი ობიექტებისა. მაგრამ ამას კანონი ითხოვს და უკვე ძალიან ბევრი საეჭვო რეპუტაციის კომპანია გამოჩნდა, რომლებიც იპარავენ მონაცემებს და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ ან უცხოელებს იწვევენ, მაგრამ მონაცემების არარსებობის ან არაზუსტი მონაცემების გამო მათ მცდარი დასკვნები გამოაქვთ.
–თან, მონაცემების შეგროვება და დაკვირვება უწყვეტი პროცესია.
–უცხოელმა სპეციალისტებმა აუცილებლად ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ ადგილობრივმა ექსპერტებმა ის მაინც იციან, სად მოიძიონ მონაცემები. ბუნებრივ პროცესებს აქვს თავისი ისტორია და ეს ისტორია თუ არ იცი, მომავალს ვერ იწინასწარმეტველებ. ეს პრინციპი კი ჩვენთან დარღვეულია. რამდენიმე პროექტს გადავხედეთ და ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა. ფიზიკურადაც ვერ ავუდივართ. ისიც პრობლემაა, რომ კადრები აღარ გვემატება, ძველი თაობა კი ნელ-ნელა მიდის. თითო-ოროლა ადამიანი შემოჩრა ამ მიმართულებას და არაპროფესონალების სიმრავლეა.
თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია, რომლებიც ამ მიმართულებით პასუხისმგებლობით მუშაობენ, მაგრამ უამრავი სისულელეც წაგვიკითხავს, რა გზას ვეწიოთ, აღარც კი ვიცით. ძალიან რთულია, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებთან მიდიხარ ამ ინფორმაციით და მან არც კი იცის, რაზე ელაპარაკები.
–გაუძლებს თბილისურ შენობები იმ სიმძლავრის მიწისძვრას, რაც თეორიულადაა მოსალოდნელი ამ ადგილას?
–ზოგი გაუძლებს. ზოგი – არა, გააჩნია რომელი დეველოპერის მიერაა აშენებული, იმიტომ რომ ზოგი თვლის, დანარჩენები – არა. ზოგიერთ დეველოპერთან ლაპარაკიც კი შეუძლებელია ამ თემაზე. ვერც უცხოელი სპეციალისტები აგებინებენ ვერაფერს. საბჭოთა ტერმინებითა და ნორმებით ელაპარაკებიან უცხოელ დამკვეთს, რომელიც ვერაფერს იგებს და არის სრული გაუგებრობა. იმიტომ რომ საბჭოთა სტანდარტები აღარ არსებობს. ტექნოლოგიები განვითარდა, ის ხალხი კი, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ისევ იმ სისტემაშია ჩარჩენილი.
–მგონი, არც ის ნორმები იციან.
–დიახ, არც ის იციან, იმიტომ რომ არც ერთი საბჭოთა ნორმა არ ამბობს, რომ სახლი უნდა ააშენო ჭალაში! მეორე პრობელმა ისაა, რომ, როდესაც ამას ეუბნები მერიის წარმომადგენელს, ის გიფრიალებს ოფიციალურ წერილს, რომ ამა და ამ ადამიანმა დართო მშენებლობის თანხმობა, მაშინ, როდესაც ის ადამიანი უბრალოდ უსინდისოა.
–მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ითვალისწინებს ქალაქის განვითარების გენერალურ ხედვას…
–გენერალური ხედვა უნდა ეფუძნებოდეს გენერალურ კველევებს.
–სწორედ ამას ვამბობ: არათუ კვლევა არ არის, სეისმური ასპექტი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
–გაითვალისწინეს ძველი საინჟინრო-გეოლოგიური რუკებით, რომლებიც არ ჯდება არანაირ თანამედროვე სტანდარტებში. პოლიტიკის გატარება სახელმწიფოს პრეროგატივაა და პრობლემაც ისაა, რომ სახელმწიფო ელაპარაკება არასწორ ექსპერტებს. მას ჰგონია, თუ ეკონომიას გააკეთებს, ეს კარგია, მაგრამ ეს არის დარგი, რომელსაც ეკონომია არ უყვარს. საველე კვლევაც კი ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ არა მხოლოდ ამჟამინდელის, ყველა მთავრობის პრობლემაა, რომ ეს არ არის საჭირო.
–ის ფაქტი, რომ ეს პრობელმა არ არის განხილული თბილისის გენგეგმის პროექტში, კიდევ უფრო ართულებს ვითარებას?
–მე არ მინახავს გენგეგმის პროექტი, მაგრამ ვიცი, რაზეა დაფუძნებული.
–ექსპერტების ვარაუდით, ძველ საბჭოთა სამხედრო რუკებზე.
–არადა ეს არის პრობლემა, რომელზეც არა ერთი, არამედ რამდენიმე ჯგუფი უნდა მუშაობდეს. მაგრამ ჩაკეტილი წრეა და მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასწორი ხალხია ჩართული ამ საკითხზე მუშაობაში.
–ყველაზე ცუდი სცენარი, რაც შეიძლება., მოჰყვეს ასეთ მიდგომას?
–შეიძლება, წყალდიდობამ გაგვლეკოს. ათი წლის წინათი აშენებულ სახლს 3.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაუჩინა ბზარები, მაგნიტუდა 5.0 ან 6.0 რომ მოხდეს, რა მოხდება?! ფაქტობრივად, სახელმწიფო ჩამოგვენგრევა.
–მიწისქვეშაც ჟონავს წყალქვეშა კომუნიკაციები და ურეცხავს საძირკველს შენობებს.
–ცოდნის სიმწირეა მთავარი პრობლემა, რადგან ელემენტარულია: თუ შენობას საძირკველი არ უვარგა, რაც გინდა, დააშენე, არ ივარგებს.
ნინო მდივანი
მასალის გამოყენების პირობები






