აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინიტროში აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია შავი პიარია და ის გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რაც დაზუსტებას საჭიროებს. მათივე განმარტებით, შპს. “მარგიო“ უწყების მიერ გამოცხადებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს.
„ნიუპოსტი“ დეტალების გასარკვევად და ტენდერის მართებულობასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. როგორც შაშკინმა ჩვენთან საუბარში განმარტა, უწყების მიერ ყველა ჩატარებულ ტენდერზე კონტროლს კონტრდაზვერვა ახორციელებს და ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების ნაწილი, რომელიც მძიმე დანაშაულად აღიქმება.
„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რომელიც მთლიანად ასახავს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა. თავდაცვის სამინისტრო არის სპეციფიკური სამინისტრო, ეს არ არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყება პასუსხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თავდაცვისუნარიანობაზე. ნებისმიერი ტენდერი, ამას გეუბნებით როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც ხორციელდება მათ ან ამავე სფეროში შემომავალი სიპების მიერ, უნდა გაიაროს მკაცრი რეგულაციები. ჭიქა რომ ჭიქაა, ამ ნივთების შესყიდვა არის მკაცრად რეგლამენტირებული, იმიტომ, რომ ბუნებრივია ჩვენ გვყავს მტერი და ეს მტერია რუსეთი, მაგრამ რომც არ იყოს ასეთი მკაფიო მტერი, ნებისმიერი ქვეყანა იცავს თავის საიდუმლოს, რომელიც უკავშირდება თავდაცვისუნარიანობას. მაგალითისთვის, როდესაც თავდაცვის უწყება შეისყიდის ჭიქებს, ამ ჭიქების რაოდენობით მტერს შეუძლია მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია, რაც მას აინტერესებს. შეიძლება ბევრ ჩვეულებრივ ადამიანს ეს არ ესმის მაგრამ, არსებობს უამრავი ნორმა, რომელიც არეგულირებს ყველა შესყიდვას თავდაცვის სამინისტროში. გარდა ამისა, რეგულაციებისთვის ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ჩვენ დროს არსებობდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნდელყოფს ნებისმიერ შესყიდვას უწყებაში. სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტია პასუხისმგებელი, შეამოწმოს მომწოდებლის ისტორია, მისი ხარისხი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თქმა იმისა, რომ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იდგა ამ ტენდერის უკან - ეს არის საბავშვო ბაღის დონეზე საუბარი. თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შემსყიდველი თუ მომწოდებელი კომპანია, რომელთანაც უწყება დებს ხელშეკრულებას, ჩვენ დროს გადიოდა ძალიან მკაცრ შემოწმებას და წესით ეგრე უნდა იყოს. ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც რუსეთის ოფიციალური ჯაშუშები თურმე ამარაგებენ საქართველოს ჯარს. სამწუხაროდ, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის. მე მინდა გაგახსენოთ, რამდენიმე წლის წინ, რუსეთის ჯაშუში შემოუშვეს საქართელოში ყველაზე საიდუმლო ობიექტზე, რომლის დასახელებაც არის „გრიფით“ საიდუმლოს დარღვევა და რომელზეც იყო ათობით მილიონი დახარჯული და უზრუნველყოფდა და თამაშობდა უმნიშვენელოვანეს როლს საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში. იმ ობიექტზე შეიყვანეს, სურათები გადააღებინეს რუსეთის ჯაშუშს, რომელიც იმყოფება ახლა საქართველოში და არც მალავს რომ არის რუსეთის ჯაშუში. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს არის სამწუხარო რეალობა“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინი ამბობს, რომ ტენდერის საკითხი არ არის შემთხვევითობა, არამედ, მისი თქმით, ,,ეს უბრალოდ აწყობდათ"
,,ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იმდენად არის დაზიანებული, რომ ზედმეტია საუბარი იმაზე, ვართ თუ არა დაცული. რუსეთს ოფიციალური ჯაშუშები ამარაგებენ თავდაცვის უწყებას, რა წინდაუხედაობაზე და შემთხვევითობაზე უნდა იყოს საუბარი?!" - განაცხადა შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






