27-29 ივნისს, პარლამენტს „პარლამენტის წევრისთვის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი უნდა განეხილა, მაგრამ მომხსენებლის მივლინებაში ყოფნის გამო, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ თემას დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და „ფეისბუქში“ იმ ტექსტს აქვეყნებს, რომლის თქმის საშუალებაც სესიაზე არ მიეცა:
„სათაური მშვენიერია. შინაარსიც, ერთი შეხედვით, არ არის ურიგო და ძალიან დასაწუნი,
მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით... ახლავე განვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქცია მხარს არ უჭერს ამ კანონპროექტს და თუ რატომ, ოდნავ მოგვიანებით ავხსნი, ხოლო მათთვის, ვინც მხარდაჭერას აპირებს, აუცილებლად შევნიშნავ, რომ შესავსები იქნება ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი,
რომ დეპუტატმა, გარდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა, უნდა იზრუნოს და აუცილებლად უნდა იზრუნოს ეროვნული ღირებულებების განმტკიცებისათვის, რა აქ ც არ წერია. არადა, უნდა ეწეროს.
გარდა ამისა, წერია, რომ დეპუტატი უნდა ვიყოთ ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული და ნუ შემისწორებთ, რომ ეს მესამე მოსმენისა და სარედაქციო საკითხია და ახლა ნაადრევია...
სწორედ დროულია, რომ სიტყვა „სახელმწიფო“ შეიცვალოს სიტყვა „სამშობლოთი“,
რადგან მმართველ პარტიას ხშირად უჩნდება ხოლმე ილუზია, რომ სახელმწიფო სწორედ ის არის და ყველა დეპუტატი სულაც არ არის ვალდებული, ასეთი პარტია/სახელმწიფოს ერთგული იყოს!
მეორე და მთავარი: სწორედ ეთიკისა და მორალის თვალსაზრისით ნუ მოვერიდებით სიტყვა „სამშობლოს“ დამკვიდრებას აქაც და სხვაგანაც, რადგან სწორედ „სამშობლოა“ ის, რაც ერთია ქვეყანაზედა.
ის ლაფსუსები კიდევ ცალკე სასაუბროა, როცა აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულებს ეთიკის კომისია უპირებს განხილვას. ვგულისხმობ მუხლს, როცა დეპუტატი საკანონმდებლო გადაწყვეტილებას იღებს პირადი სარგებლის მიღების მოტივით და აგრეღვე, როცა გასცემს სამსახურეობრივ კონფიდენციალურ ინფორმაციას ასევე, პირადი მიზნებით.
ახლა კი ისაუბროთ მასზე, რაც საეჭვო და საჩოთიროა. ეს ეთიკის კოდექსი არის კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის“ კანონების ერთგვარი კონგლომერატი, ნაერთი, რაც ცალ-ცალკე ისედაც ვიცით...
განსხვავება ერთია: იქმნება ეთიკის კომისია, თავისი თანათავჯდომარეებით და წევრებით, რომელმაც უნდა განიხილლოს საჩივარი, სათანადო ფორმით შევსებული და 1 თვის შემდეგ გამოიტანოს დადგენილება უღირსი დეპუტატის შესახებ „საკანინმდევლო მაცნეს“ ვებ.გვერდზე განთავსებით, ანუ სამარცხვინო ბოძზე გაკვრით, თანაც უნდა განიხილოს მხოლიდ შემოტანილი საჩივარი ან... საკუთარი ინიციატივით დასვას საკითხი...
კომისიის სხდომები უნდა იყოს დახურული, ან... საჯაროც...
ყურადღებამისაქცევია ეს ნიუანსები.
დღევანდელ დღეს, როცა მედია და სოციალური ქსელი 1 საათშიც კი უკვე ამხელს პოლიტიკური პირის ყოველგვარ გადაცდომას, ცხადია, ეთიკის კომისიის ს დადგენილებას არც არავინ დაელოდება.
გამოდის, რომ ეს კომისია უნდა იყოს ან ზედმეტი რგოლი, უფუნქციო დანამატი, ფიქცია,
ან, უნდა იყოს, როგორც ძალადობის ხერხი, ერთგვარი იარაღი ოპოზიციის წინააღმდეგ.
ყველას გვახსოვს, ალბათ, არცთუ შორეულ წარსულში, საბჭოთა სინამდვილეში, ამხანაგური სასამართლოები, სადაც ოპოზიციურ აზრს ერთ ყალიბში ათავსებდნენ ან საბოლოოდ სწირავდნენ ადამიანს ხულიგნობისა თუ ფსიქიკური აშლილობის ბრალდებით.
არც უფუნქციო რგოლია ჩვენი პარლამენტისთვის საკადრისი და მით უფრო, არც სადამსჯელო უჯრედი - მოსათმენ-შესაწყნარებელი.
მითითებულია, რომ ეთიკის კოდექსი შემუშავებაში განსაკუთრებყლი წვლილი შეიტან NDI-მ თავისი რეკომენდაციით და ამ რეკომენდაციების ჭეშმარიტ არსს ნათლად ვხედავთ, როგორც უნდა მოალამაზონ და შებურონ გარეგნულად...
ამიტომაც არის მიუღებელი ასეთი კოდექსისა და ასეთი კომისია/საბჭოების არსებობა საქართველოს პარლამენტში.
და კიდევ, მაშინ როცა ხელისუფლება პენსიების 20 ლარით გაზრდას 1 წლის მერე გეგმავს, ხოლო შშმ პირთა დახმარებას სულ არაპირებს, ამ ეთიკის კომისიის სამდივნოსთვის უნდა გამოიყოს 80 ათასი ლარი და ისიც 3 საშტატო ერთეულის პირობებში.
ეს არის 330 პენსიონერის, ან 330 დევნილის, ან 330 შრომისუნარშეზღუდული პირის 20 ლარიანი დახმარება, რაც ვერ გამოინახა ამ ადამიანებისათვის წლების განმავლობაში, მაგრამ გამოინახა პარლამენტის უფუნქციო ან სადამსჯელო უჯრედის დასაფინანსებლად.
გვეუბნებიან, ფიცის ტექსტთან ერთად ეთიკის კოდექსსაც უნდა მოეწეროს ხელიო.
ფიცის რიტუალთან დაკავშირებით ქვემოთ მოგახსენებთ, რაც შეეხება ტექსტს ფიცის ტექსტში წერია, რომ დეპუტატს უნდა ჰქონდეს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ხალხის ინტერესების მიმართ და არა მგონია, კეთილსინდისიერება იყოს ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის გაღება პარლამენტის ეთიკის კომისიის სამი წევრისათვის.
და კიდევ ერთი, ფიცის რიტუალი მხოლოდ ტექსტი ხომ არ არის , ფიცის რიტუალში საღვთო მადლია ჩადებული, ღვთისა დაერის წინაშე დებ ფიცს და ამ დადგენილების პროექტით, სულ უნაკლო როც იყოს, იმ ფიცის რიტუალს ვაკნინებთ, ვაქარწყლებთ, ვანიორწყლებთ, ამ ფურცლებით ვცვლით და ვამბობთ, რომ ფიცი რიტუალი კი არა, პროცედურაა, ისეთივე, როგორც რეგისტრაციის გავლა. ამიტომაც არ შეიძლება ამ პროექტის მიღება. არ შეიძლება ფიცის მნიშვნელობის დაკნინება და მისი შეცვლა დადგენილებით.
გარდა დეპუტატისა, ფიცს დებს სამხედრო პირი ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერგულად ემსახურება თავის სამშობლოს.
ფიცს დებს ექიმი, რომ არ ავნოს ავადმყოფს და მტერსაც კი გაუწიოს დახმარება.
ფიცს დებს სასამართლიში მოწმე, რომ იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.
ფიცს დებს ქვეყნის პრეზიდენტი...
როცა ამბობ: „ ვფიცავ“, იქ ყველა კანონი მეორეხარისხოვანია და ჩვენ კი ამ დადგენილებით თავდაყირა ვაყენებთ ფიცის რიტუალის უზენაესობას.
იქ, სადაც ფიცია მიღებული ღვთისა და ერის წინაშე, ეს ფურცლები მას ვერ გადაწონის...
ამიტომაც ფრაქცია მხარს არ ვუჭერთ ამ დადგენილების პროექტს.
და ვისურვებდით, რომ არც თქვენ დაგეჭირათ მხარი, თუკი სათანადოდ შეაფასებთ ჩვენს არგუმენტაციას.“
მასალის გამოყენების პირობები






