ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიაში ამ დროისთვის წარმოდგენილი რეკომენდაციები არ იქნება ერთადერთი. ეს განცხადება, კაპანაძემ კომისიისა და არასამთავრობების, ასევე ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრისას საუბარი არა მხოლოდ რეკომენდაციებს, არამედ კომისიაში ამ ეტალზე მიმდინარე სამუშაოებსაც შეეხო:
"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვესაუბრეთ, როგორც კომისიის მუშაობის მიმდინარეობაზე და იმ პროცესზე, რომელიც არის, ასევე იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და რომელიც განხილული უნდა იყოს კომისიაზე. ჩვენ დღის წესრიგის მიხედვით დღეს გვექნება ამ რეკომენდაციების განხილვა და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ეს რეკომენდაციები არ არის ერთადერთი, რომელიც ჩვენ გამოვეცით. ჩვენ კიდევ გვექნება მომდევნო ნაბიჯების შემდეგ, კომისიის მუშაობის ფარგლებში, მას შემდეგ რაც ჩვენ შევხვდებით არასრულწლოვნებს, დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება ასევე სხვა მიმართულებითაც კონკრეტული რეკომენდაციები, ისევე როგორც იქნება საბოლოო დასკვნა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძე აცხადებს რომ ორივე რეკომენდაცია სამართლებრივად მყარია და საქმის მასალებიდან გამომდინარეობს.
"რეკომენდაციები, რომელიც ინიცირებულია, არის მყარი, გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მიმაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და თავიდანვე ამ მიმართულებით ემოქმედა თავის დროზე გამოძიებას, დღეს იქნებოდა გაცილებით სხვა შედეგი ვიდრე ის შედეგი, რომელიც ახლა გვაქვს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საუბარია ორი რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ერთის მხრივ ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მეორე - ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას.
მასალის გამოყენების პირობები






