როგორც კუპრავა აცხადებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე უახლოეს პერიოდში უნდა დაკითხულიყო, სადაც კომისიას მკვლელობის დეტალებზე და ასევე საქმის ფალსიფიცირებაზე მტკიცებულებებს წარუდგენს.
ყოფილი სამართალდამცავი, აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ ეშინია ხელისუფლებას კუპრავას თავისუფლებაზე ყოფნის და ამიტომ ცდილობს ის პატიმრობაში ჰყავდეს მინიმუმ იქამდე, ვიდრე საგამოძიებო კომისია მუშაობას არ დაასრულებს.
კუპრავა ამბობს, რომ ის ზაზა სარალიძის გვერდით იდგა, დგას და უკან დახევას არ აპირებს.
ამასთან, მისივე შეფასებით, დაკავების მიზეზი იყო ის, რომ აქციების მუხტი დავარდნილიყო.
„როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთუჯრედიანები არიან და ძალიან მარტივია მათი ჩანაფიქრის განსაზღვრა. ჩემი 14 დღით ციხეში ჩასმა, ემსახურებოდა, რომ აქციების მუხტი შენელებულიყო. გათავისუფლების შემდეგ, ჩვენი გზავნილი იყო, რომ მე და ზაზა პანკისში ჩავედით და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, სამოქმედო გეგმა დავსახეთ - ეს იყო კონკრეტული მესიჯი და ხელისუფლებამ დაინახა, რომ ჩვენ უკან დახევას არცერთი წუთით არ ვაპირებთ. ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და ახლა იფიქრეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, 2 თვიდან 9 თვემდე პატიმრობით გამაჩერონ.
იმდენად კომიკურ სიტუაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ როგორც კი აქციები დავიწყეთ, ჩემს მისამართით წამოვიდა ტყუილების კასკადი, მაბრალებენ, რომ ზონდერი ვიყავი, ირწმუნებიან, რომ 26 მაისს 2 გვამი სახურავზე მე შემოვდე, მაბრალებენ, რომ ვიღაც ბიჭი ცემით დავაინვალიდე, მოძებნეს ზონდერ ექიმი და ათქმევინეს, რომ თითქოს ის მკურნალობდა დაშავებულს, აი ასეთი ბრალდებების ფონზე, ისინი ამ საქმეზე კი არ მისვამენ კითხვებს და იწყებენ გამოძიებას, არამედ თითქოს მე მოსამართლეს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ საქმეზე დაიწყეს გამოძიება. სწორედ ამ ძალადობრივ სისტემას ვებრძვით და სადაც არ უნდა ვიყო, ციხეში თუ თავისულებაზე იქიდან ჩამოვანგრევთ ამ სისტემას.
ხელისუფლება ცდილობს საგამოძიებო კომისიას არ მივაწოდო კონკრეტული მტკიცებულებები, როგორ შეიკერა ეს საქმე. ზაზამ მითხრა, საკითხი დააყენა და კომისია უახლოეს პერიოდში დამიბარებს მოწმის სტატუსით. ჩიხში შესული ხელისუფლება ცდილობს ხელი შემიშალოს და არ ვითანამშრომლო აღნიშნულ საგამოძიებო კომისიასთან და ზოგადად ამ საქმის გამოძიებას ჩამოვშორდე“- აღნიშნა კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






