"რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე - „რუსული რევანშიზმი - გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან" ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით.ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე.მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყნების საზოგადოება ფუნდამენტურად შეცვალა და ეკონომიკა და ინსტიტუტები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე, თუნდაც, ათი წლის წინ.
მასალის გამოყენების პირობები






