27-28 ივნისს „ანაკლია სითის“ გუნდი, აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით საქმიანი ვიზიტით ჰონგ კონგში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ანაკლია სითისა“ და კომპანია „China merchants da Kerry logistics-ის“ წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.
„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირეტორი ქეთი ბოჭორიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰონგ კონგში გამართულ გლობალურ კონფერენციაში „Belt and Road Summit” და როგორც კონფერენციის სპიკერი, ჩინელ და საერთაშორისო ინვესტორებს ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტებს წარუდგენს. სამიტზე 3000 -მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ინიციატივა „სარტყელისა და გზის“ მონაწილე ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ინვესტორები. Belt and Road Summit-ი ორიენტირებულია ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ბიზნესშესაძლებლობებისა და აზიის რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობაზე.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავუსუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამასთანავე, ღონისძიების სპეციალური ფოკუსი საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებია.
„ანაკლია სითი“ ასევე შეხვედრებს გამართავს ანაკლიის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან, მათ შორის China Merchants Group-ის მენეჯმენტთან, ვისთანაც „ანაკლია სითის“ გუნდი სამომავლო თანამშრომლობასა და კორპორაციის ინტერესს განიხილავს. „სარტყელი და გზის ინიციატივის“ მონაწილე China Merchants Group-ი 20 ქვეყნის 53 პორტში ოპერირებს და ქმნის პორტების, ლოგისტიკის, ფინანსურსა და ინდუსტრიული პარკების გლობალურ ქსელს. შეხვედრა შედგება Hong Kong International Arbitration Center-ის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქალაქ ანაკლიის წარმომადგენლები პოტენციური თანაშროლობა და გამოცდილების გაზიარებას განიხილავენ.
Kerry Logistics-ი, რომელთანაც „ანაკლია სითი“ მემორანდუმს მოაწერს ხელს, აზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და აბრეშუმის გზის ინიციატივის აქტიური მოთამაშეა.
„ანაკლია სითის“ შესახებ
კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო; ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი და პარტნიორობა დაიწყო მსოფლიოში მასშტაბურ სხვადასხვა ეკონომიკურ ზონასთან თუ ლოგისტიკურ სატრანსპორტო კომპანიებთან. მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად.
ქალაქი ანაკლია და ეკონომიკური ზონა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ ვითარდბა. იგი რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად, ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ კვანძად მოიაზრება. ქალაქი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და მასში გაშენდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. „ანაკლია სითი“ მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს .
მასალის გამოყენების პირობები






