2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, კომისიის დღევანდელი სხდომა შეაჯამა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლები გამოიკითხა.
"გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ საქმის ერთერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. ჩანს, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო შსს-სა და პროკურატურისთვის გამოძიების დასაწყისშივე, მაგრამ მათ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
მეორე საკითხია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს, დაიჭრა ერთი მოზარდი გ.მ. ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო პირველივე დღეებიდან პროკურატურისა და შსს-სთვის. ამის მიუხედავად, არც ამ საქმის ცალკე გამოყოფა არ მოხდა, თუმცა კანონი ავალდებულებდათ და არ მომხდარა ამის გამოძიება" - განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ კომისიამ ამ ორ თემაზე რეკომენდაცია უნდა შეიმუშაოს.
"გარდა ამ ორი საკითხისა, აჩვენა დისკუსიამ, რომ პროკურატურას და შსს-ს არ აქვს ახსნა-განმარტება, რატომ ამოიღეს სათვალთვალო კამერებიდან ინფორმაცია ასე დაგვიანებით და რატომ არ დაკითხეს მოწმეთა ნაწილი მყისიერად, ცხელ კვალზე" - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.
სერგი კაპანაძის თქმით, დამატებით კითხვებზე, ხვალაც და მომდევნ სხდომებზეც ექნებათ შეკითხვები შესაბამისი უწყებების მიმართ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა დღეს 15:00 საათზე განახლდება. გაგრძელდება დეტექტივ-გამომძიებლისა და საქმის პროკურორის მოსმენა.
მასალის გამოყენების პირობები






