საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც ირმა ინაშვილმა საზოგადოებას იმ რეზოლუციის შინაარსი გააცნო, რომელიც საქართველოს პარლამენტს საქართველოს პატრიოტების სახელით დღეს წარედგინება.
„ამ რეზოლუციის მიზანია პარლამენტმა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცეს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა, რომლის თქმითაც, „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა: საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია; უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტი და ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა; სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომლითაც 190 კაცი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 პოლიტდევნილად; განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისის, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება, ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოერთვა ქონება, ბიზნესი და კაპიტალი და ა.შ. თავისი მოღვაწეობა კი დააგვირგვინეს კოდორისა და სამაჩაბლოს სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22%-ის დამოიუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ მიმართავს პროკურატურას დაიწყონ გამოძიება ბოკერიას, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის შესაძლო დანაშაულებებზე და მოახდინოს უკვე დაწყებული გამოძიებების გასაჯაროება.
„უკვე დიდი ხანია გამოკვეთილი უნდა იყოს მაღალი რანგის იმ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას ჯერ 32 მლნ დოლარი, ხოლო 2012 წელს 8 მლნ ევრო მოპარა. თუ პროკურატურამ დამნაშავეს ვერ მიაგნო, ვკარნახობთ, რომ ერთი პასუხისმგებელი პირი ამსტერდამშია, ხოლო მეორე პასუხისმგებელი პირი - ბატონი ბოკერია დღეს პარლამენტში ზის. ასევე საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინა პროკურატურამ თავის დროზე ჯერ კიდევ ცოცხალი სულხან მოლაშვილის, როგორც მოწმისა და დაზარალებულის საჯარო ჩვენება, რომლის თანახმადაც ის კონკრეტულად და უშუალოდ ბოკერიამ აწამა. ველოდებით პროკურატურისაგან პასუხს და შესაბამის ქმედებას“, -განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„საქართველოს პატრიოტები“ მიიჩნევენ, რომ რეზოლუციის მიხედვით ჩამოთვლილ დანაშაულობებზე უშუალო პასუხისმგებელნი არიან მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი - ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
„საქართველოს პატრიოტები“ მიმართავენ საქართველოს პარლამენტს: საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; ექვსი თვის ვადაში მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის პერიოდში ჩადენილი ყველა მძიმე დანაშაულის, ყველა რეზონანსული საქმის გამოძიება, გამოიკვეთოს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა კონკრეტული დამნაშავე მიუხედავად მისი დღევანდელი სტატუსისა. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს გამოძიების მუშაობის უშუალო, ოპერატიული კონტროლი.
ირმა ინაშვილმა, სამომავლო მოქმედების გეგმაზე საუბრისას, განაცხადა, რომ დღეიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პატრიოტები იწყებენ რეზოლუციის წარმოდგენილ ტექსტზე მილიონი ხელმოწერის შეგროვებას.
„საქართველოს პატრიოტები“ სექტემბრიდან, ყოველ შაბათს საპროტესტო აქციებს გამართავენ მთავარი მოთხოვნით - სააკაშვილ-ბოკერიას მიერ ჩადენილი დანაშაულებების სისტემური, კვალიფიციური, კომპეტენტური გამოძიება და დამნაშავეების დაპატიმრება. სექტემბრის ყოველკვირეული აქციებიდან კი შემდეგ ყოველდღიურ, უწყვეტ აქციებზე გადავლენ.
მასალის გამოყენების პირობები






