მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებითა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ჩართულობით 25 ივნისი ბათუმში 8 წელია მასშტაბურად აღინიშნება.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილი საზღვაო აკადემიის სტუდენტები ორკესტრის თანხლებით საზეიმო მსვლელობით გაემართებიან ცენტრალური პარკის კოლონადებიდან მე-10 ნავმისადგომისკენ.
საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნება, სადაც მეზღვაურებს, სტუდენტებსა და შეკრებილ სტუმრებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პროფესიულ დღეს მიულოცავენ. ასევე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია სფეროში შეტანილი ღვაწლისათვის. ღონისძიების დასასრულს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კუთვნილი გემი „კადეტი“ პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრება.
2018 წელს, აღნიშნული გემი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადასცა. მცურავი საშუალება აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.
პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები ევროპის მოედანზე და ბათუმის ბულვარში.
ევროპის მოედანზე გაიმართება ნიაზ დიასამიძისა და 33 ა -ს კონცერტი და მოეწყობა აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ორგანიზებული ავიაშოუ.
მასალის გამოყენების პირობები






