ხელშეკრულების თანახმად, მხარეები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევისა და სწავლების სფეროში ითანამშრომლებენ, ხელს შეუწყობენ აკადემიური და საგანმანათლებლო რესურსების გაცვლას.
მემორანდუმს ხელი თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ცისკარიძემ და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ოლბანის ფილიალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლებმა, პროფესორებმა ჯეკ დეჰოვეციმ და ჯონ ჯუსტინომ მოაწერეს.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, მემორანდუმი მრავალმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს. „ძალიან კმაყოფილები ვართ, ვინაიდან ასეთი მემორანდუმის ხელმოწერით ერთობლივი კვლევებისა და პროგრამების განხორციელების ძალიან ფართო შესაძლებლობები გვეხსნება. ეს კი საქართველოს სინამდვილეში უნიკალურია,“ - აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენლის, პროფესორ ჯეკ დეჰოვეცის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს ინფექციურ დაავადებათა კონტროლს როგორც საქართველოში, ასევე, მთლიანად რეგიონში: „თანამშრომლობის განსამტკიცებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ქართული მმართველობის კუთხით. იმედი გვაქვს, ქართველი სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამის საფეხურიდან სადოქტორო პროგრამაზე გადასასვლელი ტრენინგების რიცხვი გაიზრდება.“
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კვლევის, ლექციების და დისკუსიების გამართვა; აკადემიური მასალებისა და პუბლიკაციების გაცვლა; ერთობლივი კვლევების ჩატარება; სტუდენტების და კურსდამთავრებულების გაცვლა კვლევისა და სწავლებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები