ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
საკრებულოს შენობასთან მე-5 დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიმშილობენ და მათი კოლეგის, ბესო ქათამაძის ცემაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესიკ ქათამაძე აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა. ის სხვა პირების დასჯასაც ითხოვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს და სწორედ ამიტომ აგრძელებენ შიმშილობას. რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ძალადობაში მონაწილე პირებისთვის მანდატების გაუქმების საკითხის დაყენებას გეგმავენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჭუმელიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებას ელოდება.
„შსს-მ დაიწყო გამოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა ერთ-ერთ პირს გირაო, შესაბამისად, ახლა მიდის პროცედურა კანონის დაცვით და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი ღურჭუმელიძემ.
შეგახსენებთ, ბესო ქათამაძეს საკრებულოს თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებმა შიმშილობა დაიწყეს.
ოპოზიცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რადიკალური ზომების მიღებით იმუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






