რაქვიაშვილის თქმით, ესტონეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას უთხრა, რომ უცხოელი პარტნიორები საქართველოსგან დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას ელოდებიან.
კერსტი კალიულაიდმა თქვა, რომ მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას დააკვირდებიან.
"ესტონეთის პრეზიდენტი, პირდაპირი გაგებით იბრძვის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ პროცესში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიული პროცესების განვითარების პროცესებს, როგორც მეგობრები ასევე სკეპტიკოსები. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დაჰპირდა რომ მისი მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება ამავდროულად, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს მომავალი ნატოს სამიტის კომუნიკეზე, იმ სასურველ ფორმულირებაზე, რომელიც საქართველოსთვის იქნება ცალსახად პროგრესის მაჩვენებელი. ესტონეთის პრეზიდენტმა ამ მიმართულებითაც დიდი მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტს.
ვისაუბრეთ რუსეთის შემოჭრის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, სადაც ესტონეთის პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა ეს არის თავად ტერმინ ოკუპაციასთან მიმართებით და იმ მითების გაბათილებასთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ისმის ევროპაში. რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.
საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე. საქართველოს პრეზიდენტს ამ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც ჩვენ ესტონეთის რესპუბლიკის ასი წლის თავს ვზეიმობთ ექნება შესაძლებლობა ესტონეთუს პრეზიდენტთან ის საჭირბოროტო საკითხები განიხილოს, რომელიც ეხება ნატოს მომავალ სამიტს, ევროკავშირში ინტეგრაციას და სხვა მრავალმხრივ დღისწესრიგს საქართველოს წინ წაწევისთვის"- აცხადებს რაქვიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტალინსა და ტარტუში ესტონელი კოლეგის მიწვევით იმყოფებიან და მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში. საზეიმო ღონისძიებებს 7 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






