საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მტავრობას ნდობა გამოუცხადა. ბახტაძემ პარლამენტს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის და სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, რომ საქართველოში განვახორციელოთ ინტენსიური რეფორმები, ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია მცირე მთავრობის კონცეფცია, შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ, ეს იქნება მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სამინისტრო ერთეულების დაყვანას 11 სამინისტრომდე, რომ მე საშუალბა მომეცეს უმოკლეს ვადაში, დაახლოებით სამ კვირაში წარმოვადგინო უკვე განახლებული კაბინეტი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ჩემთან ერთად იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელიც იქნა წარმოდგენილი.
ჩემი პოზიცია არის ის, რომ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზონიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვჭირდება 11 სამინისტროზე მეტი. მიმდინარეობს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ თუ რა ინიციატივებია იმ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელზეც ვსაუბრობთ, რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება არასწორი, რომ მე დღეს დავასახელო კანდიდატები, ჩვენ ახალ კაბინეტში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მტავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები, პროფესიული ჯგუფებიდან გამოჩნდებიან:
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს უკვე მიღებული თანხმობები ძალიან საინტერესო კანდიდატებისგან, დაგიდასტურეთ გუშნაც, რომ საუბარია პროფესიული წრეებიდან წამოსულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კვალიფიკაცია და ხედვა, რომ მოვახერხოთ ერთად შევასრულოთ ის რეფორმები და განვახორციელოთ წარმატებული ტრანფორმაცია ჩვენი ეკონომიკის და ყველა სფეროსი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი პოლიტიკური გუნდი და შესაბამისად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთიანად, ფართო კონსულტაციების შედეგად. ბუნებრივია, გაერთიანებები იქნება ორგანული, გათვალისწინებული იქნება ყველა სამინისტროს სპეციფიკა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ უფრო გამართული სტრუქტურები, რომელიც ხელს შეუწყობს უმნიშვნელოვანეს მომენტებს. როგორიც არის ეფექტურობა, როგორიც არის მოქნილობა და რაც მთავარია, ოპერატიულობა. ჩვენ გვჭირდება მეტი ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდესაც ამ გადაწყვეტილების თანმდევი სიკეთე მიდის მოქალაქეებამდე“, - აღნიშნა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






