მამუკა ბახტაძის თქმით, სერტიფიცირებულ მასწავლებელს 800-ლარიანი ხელფასი მხოლოდ საათების დამატების შემთხვევაში ექნება.
"ჩვენ გვყავს მასწავლებლების რაოდენობა, რომელსაც აქვს ნაკლები საათი და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას. ჩვენ ყველა მასწავლებლებს შევთავაზებთ, რომ იმუშაონ იმ საათების რაოდენობით, რაც საჭიროა და დანარჩენი უკვე მათ ნებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც სურს სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამის საშუალება ექნებათ. მინდა ისიც გითხრათ, რომ წელს იყო პირველი პრეცედენტი გარე დაკვირვების. შესაბამისად, ყველა ის მასწავლებელი, რომლებმაც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურეს, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი. ახალი წლიდან დამატებით 7 000 მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა თქვა, რომ დღესდღეობით 58 ათასი მასწავლებლიდან სერტიფიცირებული მხოლოდ 16 ათასია, თუმცა მათ შორის დაპირებული 800-ლარიანი ხელფასი მხოლოდ 5 ათასს აქვს.
დეპუტატმა განმარტა, რომ “ამ უსამართლობის” აღმოსაფხვრელად 40 მლნ ლარია საჭირო და ბახტაძეს ჰკითხა, აქვს თუ არა პოლიტიკური მზაობა, პრობლემა გადაჭრას.
მასალის გამოყენების პირობები






