მაგალითად განათლების სამინისტროს შესაძლოა შეერწყას კულტურისა და ასევე სპორტის სამინისტროები. მიმდინარე მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აფასებს.
შაშკინის თქმით, ტერმინი „პატარა მთავრობა“ გამოიყენება მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური პარტიების მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო საზოგადოების გადაწყვეტილებებში ზედმეტად არ ერევა და პატარა მთავრობის შემთხვევაში უნდა მოხდეს არა ინსტიტუტების, არამედ პირველ რიგში ფუნქციების შეკვეცა:
„პირველი - ჩვენ გავიგეთ ამ დღეებში ტერმინი, პატარა მთავრობა, ეს ტერმინი გამოიყენება მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პარტიების მიერ და ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა საზოგადოების ცხოვრებაში და აძლევს რაც შეიძლება მეტ თავისუფლებას, რომ მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. პატარა მთავრობა, ეს არის ტერმინი, რომელიც პირდაპირ პროექციით რაოდენობაზე კი არ გადადის, ის გადადის პირდაპირი პროექციით ფუნქციების პატარა რაოდენობაზე, რომელსაც ატარებს მთავრობა.
მემარჯვენე იდეოლოგიისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობა, რომელიც არსებობს, ეს არის ფასეულობა, რომელსაც პირობითად ჰქვია პატარა მთავრობა და რომელსაც აქვს ცოტა ფუნქცია და ის მაქსიმალურად ენდობა საზოგადოებას, რომ მან თვითონ მოაგვაროს იმ საკითხების უმრავლესობა, რომელიც აწუხებს.
საქართველოს მთავრობა იყენებს ამ ლამაზ, სწორ, კარგ ლოზუნგს იმისათვის, რომ დაიწყოს აბსოლუტურად გაუგებარი მენეჯმენტის რეფორმა, რომელსაც ვერ ნახავთ მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში.
მეორე - როდესაც ხდება საუბარი ფულის ეკონომიაზე, როდესაც არის საუბარი მთავრობის ოპტიმიზაციაზე, პირველ რიგში უნდა დაიწყო ფუნქციების ოპტიმიზაციით, რომელიც 2012 წლიდან რამდენიმეჯერ არის გაზრდილი. სახელმწიფომ დაიწყო ჩარევა ყველანაირ პროცესებში, რომელშიც ადრე არ ერეოდა და არ უნდა ერეოდეს. სახელმწიფომ ისიც კი დაარეგულირა თუ როგორი პრეზერვატივები უნდა იყოს გაყიდვაში. ასეთი კანონები არის ასობით მიღებული, კანონსაც ვერ დაარქმევ, უაზრო ნორმა, რომლის უკანაც დგას ფუნქციების კასკადი. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება მთავრობა ამ პროცესს. საქართველოს მთავრობა, რომელიც არსებობს საქართველოში, ეს არის ულტრა-მემარცხენე მთავრობა, რომლის ერთადერთი ამოცანა არის ფუნქციების გაზრდა და იმ თემებში შეძრომა, რომელშიც არ უნდა შეძვრეს.
ახლა, ექვსი წლის შემდეგ ვიგებთ, რომ თურმე პატარა მთავრობა უნდათ. პატარა მთავრობა ეს არის მემარჯვენე იდეოლოგიის ფუნდამენტალური ფასეულობა, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში ფუნქციების პატარა ოდენობას, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. მთავრობის საქმე არ არის პრეზერვატივების რეგულაცია, მაგრამ როგორც მაგალითი, შეგვიძლია გამოვიყენოთ იმის საჩვენებლად თუ რას აკეთებს ეს მთავრობა“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული სამინისტროების შერწყმით ქვეყანა მიიღებს მონსტრს, რადგან ვერ მოხდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება იმ მინისტრების პირობებში, რომლებიც დღეს არსებული სქემითაც კი ვერ უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობებს:
„მესამე საკითხია - რას მივიღებთ?
განათლების სამინისტრო არის ყველაზე დიდი სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში. ამ სამინისტროში შედის 2 ათასზე მეტი სკოლა, შედიან უმაღლესი სასწავლებლები, პროფსასწავლებლები, შედის მეცნიერების აკადემია, ამ სისტემაში ასევე ნაწილობრივ შედის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, იმიტომ, რომ განათლების სამინისტრო უწერს კურიკულუმს და ადგენს სტანდარტებს. ამ სამინისტროს ახლა უნდა დაემატოს კულტურის ნაწილი, ძეგლთადაცვის ნაწილი, უნდა დაემატოს სპორტი და და ახლაგაზრდობის ნაწილი.
თვითონ ხედავთ თუ რამხელა მონსტრი იქმნება ქვეყანაში? საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ძალოვნებს და დანარჩენ ყველა სამინისტროს ერთ სამინისტროში, რომლის ფუნქციებიც თუ არ შეიკვეცა, თუ სახელმწიფომ არ თქვა, რომ ის გამოდის უმაღლესი სასწავლებლების უაზრო რეგულაციებიდან და ანდობს ამას საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც უწესებენ აკრედიტაციებს და ავტორიზაციებს, გინდა შერწყმა მოხდეს, გინდა არ მოხდეს, ეს ფუნქცია ხომ რჩება? ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია?
თუ სახელმწიფო ამბობს, რომ ძეგლთადაცვის ფუნქცია ჩვენ გვრჩება, შერწყმა მოხდება თუ არა, ეს ფუნქცია ხომ დარჩება? თუ ის ამბობს, რომ მისი ამოცანა არის მაგალითად სპორტის ფედერაციების დაფინანსება, თუ შერწყმა მოხდება ეს ფუნქცია ხომ დარჩება? ხალხი, რომელიც ასრულებს ამ ფუნქციას ხომ დარჩება? ანუ ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს?
შედეგად მივიღებთ იმას, რომ შემცირდება დაახლოებით 10 კაცით, რომელიც არის პირადად მინისტრის აპარატი, ეს კარგია, მაგრამ მივიღებთ, რომ ერთი მინისტრი, რომელიც ამ წუთისთვის, მაგალითად ჩხენკელი, რომელიც ვერ უმკლავდება განათლების სისტემას და პროცესები არის გაჩერებული, დაემატება მას სპორტის და ახალგაზრდობის თემები და ყველაფერი გაიჭედება, გადაწყვეტილება საერთოდ არ იქნება მიღებული. ვაიმენეჯმენტის რეფორმის შედეგად, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს.
დავუბრუნდები პირველ პუნქტს, არ არის პრობლემა მემარცხენეობა თუ მემარჯვენეობა, ორივე იდეოლოგიას აქვს პლიუსებიც და მინუსებიც. პრობლემა არის ის, რომ ერთი ხელით აკეთებდე იმას, რასაც აკთებს მემარცხენე იდეოლოგია და მეორე ხელით აკეთებდე იმას, რასაც ქადაგებს მემარჯვენე იდეოლოგია.
მსოფლიოში ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და ამიტომ მოხდა ამ ორი იდეოლოგიის ერთმანეთისგან გაყოფა. შეუძლებელია ორივე იდეოლოგიის გატარება ერთდროულად. შეუძლებელია მთავრობას მისცე უამრავი ფუნქციები და ამავდროულად ილაპარაკო მთავრობის შემცირებაზე და პატარა მთავრობაზე“, - განმარტავს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






