ნაციონალური მოძრაობა მინისტრობის კანდიდატებს ხვდება. ყველაზე მეტი შეკითხვა ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან ქონდათ.
ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ, შს მინისტრი მის გატაცებაში დაადანაშაულა. მელიას თქმით, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციიდან, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, ის შს მინისტრის დავალებით დააკავეს.
ნიკა მელიამ პარლამენტში შს მინისტრს, გიორგი გახარიას, მიმართა და ის ათი პირი დაუსახელა, რომელიც, მელიას თქმით, მის დაკავებაში მონაწილეობდა და ღნიშნა, რომ ათივე პირი სამმართველოს და დეპარტამენტის უფროსია.
„ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა უშუალოდ ჩემს გატაცებაში, ჩატენვაში და შემდეგ ხელბორკილების დადებაში, არის იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ. არცერთი მათგანი არ არის რიგითი პოლიციის თანამშრომელი, პირდაპირი გაგებით, ვინც ამწია ხელში და მანქანაში ჩამტენა. ვინ არიან ესენი - ბატონი შალვა ბედოიძე, ქალაქის სამმართველოს უფროსი, 10-დან 9 არის ეს ადამიანი, თქვენი უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი. მეორე, ბაჭულაშვილი, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ესეც უშუალოდ იმ 10 კაცში. სულხან თამაზაშვილი, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, უშუალოდ ეს ადამიანი, სამმართველოს უფროსები ყველა. თემურ კალანდაძე, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი, თემუკა კალანდაძე, ადამიანი, რომელიც ცდილობდა მობილური ტელეფონის წართმევას... მანუჩარ მამსირაშვილი, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი. შემდეგ მიხეილ ქურდაძე ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. შემდეგ მიხეილ პაპაიაშვილი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების უფროსი და ბოლოს თემურ კუპატაძე, რესპუბლიკის საპატრულოს უფროსი და ამას დამატებული თქვენი მოადგილე, საბანაძე. ეს ადამიანები, რომელთა დაქვემდებარებაში არის 400-500-600 და 2 ათასი კაცი, უშუალოდ, პირადად იღებდნენ დეპუტატის გატაცებაში მონაწილეობას. როგორ მოხდა, რომ ათივე ადამიანი, სამმართველოს, დეპარტამენტების უფროსდები და არცერთი რიგითი თანამშრომელი არ იყო და ამ ათმა მოახდინა დანაშაულებრივი დავალების შესრულება? რომ არა თქვენ, ვის შეეძლო მათზე დავალების გაცემა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ გახარიას ხორავას ქუჩის საქმეც შეახსენა და მინისტრის მიერ 4 დეკემბერს გაკეთებული განცხადება გაიხსენა, როდესაც გახარიამ თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია. საბოლოოდ კი სხვაგვარად აღმოჩნდა. მელიას თქმით, ხორავას ქუჩის საქმე გაყალბებულია.
გარდა ამისა, ნიკა მელიამ შს მინისტრს თბილისის ცენტრიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.
ნიკა მელიას კითხვების პასუხად შს მინისტრმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას განრიდება იმის გამო მოხდა, რომ ის პოლიციას არ ემორჩილებოდა და მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში პოლიცია ისევ ისე მოიქცევა.
"თქვენ, ბატონო ნიკა, უხეშად არღვევდით წესრიგს, აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას და თქვენ მიგიძღვით ბრალი იმაში, რომ შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. ეს ერთი. შემდეგ, უფრო მეტიც, ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გაკეთებული და დღეს თქვენ აქ ხართ, დღეს თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში, იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ.
რაც შეეხება საკითხს ხორავას ტრაგედიასთან მიმართებაში: თქვენ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ, წარმოდგენაც არ გაქვთ. კითხვას რომ სვამთ, შეისწავლეთ მაინც. 4 დეკემბერს ეს იყო ის მტკიცებულებები, რაც იყო იმ მომენტისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ეს არასრულწლოვნების საქმეა, დრო იყო შეზღუდული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოყო 2 საქმე და დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ სასამართლოზე გამოვლენილი ახალი გარემოებების გამო გამოძიება გრძელდება და გამოძიება შეიძლება განვითარდეს საერთოდ ყველა მიმართულებით. წერტილი.“ - განაცხადა გირგი გახარიამ.
რაც შეეხება მუხთარლის საქმეს გახარიამ მელია პასუხის მისაღება პროკურატურასთან გადაამისამართა.
მასალის გამოყენების პირობები






