„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები გამართა.
რის შემდეგაც მან ბრიფინგი გამართა. ბახტაძის ინფორმაციით, დღეს არსებული 14 სამინისტრო 11 სამინისტრომდე შემცირდება.
“უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის ტავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ სამთავრობო სტრუქტურებს და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში.
ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა, დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკნონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება, კანონით დადგენილ ვადებში სამწუხაროდ ვერ ესწრება.
შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება.
ხოლო დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა, განხილვები კომიტეტებში, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან. რათა მტავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ.
ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალურობის დეტალური განხილვა, მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, რომლებმაც პარლამენტის წინაშე წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, რომლებიც ჩემთან ერთად უნდა იტვირთონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.
სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს იგი დადგენილი პროცედურების შესაბამისად განსახილველად შევა პარლამენტში. ვიმედოვნებ,რ ომ საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსესუსი შედგება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებია.
მასალის გამოყენების პირობები






