უკვე ერთი წელია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის თემა ფართოდ განიხილება სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ყირიმის მოვლენების გამო მსოფლიოს არაერთი ლიდერი მოუწოდებდა ფიფას, რომ საერთოდ ჩამოერთმია რუსეთისათვის მასპინძლის სტატუსი, და ტურნირი სხვა ქვეყანაში გამართულიყო.
როგორც წესი, მსოფლიო ჩემპიონატების გახსნას ყველა მონაწილე ქვეყნის მეთაური ან ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება ხოლმე. რაც შეეხება რუსეთს, კრემლის ინფორმაციით, ჩემპიონატის გახსნას 10-მდე ქვეყნის მეთაური დაესწრება, თუმცა არ დაზუსტებიათ, რომელი ქვეყნებია ეს.
ასევე, რუსეთის პრესა აცხადებს, რომ ჩამოვლენ დსთ-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა გუნდებიც ჩემპიონატზე არ მონაწილეობენ. მათ შორის სახელდება ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ბოიკოტის მომხრეები საუბრობენ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე, სირიაზე, სკრიპალების მოწამვლის ფაქტსა და რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორ ოლეგ სენცოვსა და სხვა უკრაინელ მსჯავრდებულებზე.

სწორედ სენცოვის საქმის გამო, 14 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის დღეს ევროპარლამენტი აპირებს, რომ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდოს არ დაესწრონ საფეხბურთო ტურნირის გახსნას.
აღნიშნული ბოიკოტი მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რადგან მუნდიალში მონაწილეობაზე უარი არცერთ საფეხბურთო ნაკრებს უთქვამს.
ჯერ კიდევ მარტში ტერეზა მეიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა და სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრება, ხოლო ინგლისის ნაკრები და გულშემატკივრები გააფრთხილეს, რომ მათ შეიძლება უარყოფითი განწყობა დახვდეთ მასპინძლების მხრიდან.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა ისლანდიაშიც.
ერთი კვირის წინ ბოიკოტს შეუერთდა ავსტრალიაც, რომელმაც რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეში.

მოსკოვში არ ჩადის პოლონეთის ხელისუფლებაც, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკისადმი უარყოფითი დამოკიდებულების უარს აცხადებს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობაზე.
10 ივნისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ მოსკოვში არ ჩადის, თუმცა, არ გამორიცხა, რომ შეიძლება დაესწროს საკუთარი გუნდის ერთერთ მატჩს, სავარაუდოდ, ეს ჩემპიონატის ბოლოს მოხდება.
გახსნის ცერემონიას არ დაესწრება ემანუილ მაკრონიც, რომლემაც პუტინთან შეხედრის დროს, გერმანელი კოლეგის მსგავსად, არ გამორიცხა საფრანგეთის ნაკრების თამაშზე დასწრება, თუ ის ნახევარფინალში გავა. შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება დააკორექტირა და დასწრების თამაშად მეოთხედფინალი დაასახელა.
მსოფლიო ლიდერებს ბოიკოტისკენ Human Rights Watch-ი და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც მოუწოდებენ.
განსაკუთრებით აღშანიშნავია უკრაინა. რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ პირდაპირ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს არ ჩავიდნენ რუსეთში.
"ვაფრთხილებ უკრაინელებს, არ ჩავიდნენ პუტინის რუსეთში, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ისინნი რუსმა ტერორისტებმა დაატყვევონ. ნუ გაზრდით პუტინის გაცვლით ფონდს," - განაცხადა მან.
უეფას ცნობით, ფეხბურთის მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ 5 000 უკრაინელმა შეიძინა. ხოლო მატჩების ტრანსლირებას ტელეკომპანია "Интер"-ი მოახდენს.

მასალის გამოყენების პირობები






