„მე მინდოდა განცხადებების შემდეგ გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ინციდენტზე, ძალიან მძიმე ინციდენტზე, თუმცა, ვამახვილებ ამ ფაქტზე ყურადღებას ახლა, მით უმეტეს, შემოსულია წერილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მამუკა ვასაძისგან. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.
შესაბამისად, შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენისთვის. აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა, აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა.“ – განაცხადა კობახიძემ.
აზერ სულეიმანოვი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატია.
მასალის გამოყენების პირობები






