მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავარია, მარნეულში მცხოვრები პირის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს და ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე აგოს პასუხი.
„ფაქტი, რომ აღნიშნული პირი პასუხისგებაში მიეცა და დაკავებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოიკვეთოს ყველა მონაწილე პირი და მიეცეს პასუხისგებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დაზარალებულთან ფსიქოლოგმა იმუშავოს, რადგან მოქალაქის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ კადრებს, ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, რასაც გუშინვე მოჰყვა საზოგადოების მწვავე რეაქცია. ახლა უნდა დაველოდოთ გამოძიების დეტალებს, რომ გამოძიება იყოს სრულყოფილი და გასცემს თუ არა ყველა კითხვას პასუხს, მიიღებენ თუ არა მოძალედეები საკადრის პასუხს“- აღნიშნა მშვენიერაძემ.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.
პროკურატურა მომხდარზე გამოძიებას ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე აწარმოებს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.
„ნიუპოსტს“ მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.
სკანდალური ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
„ის შარდი ხელისუფლებამ წაისვით სახეზე და ჯერ ალბათ ვერ ხვდებით. ახლა შეგიძლიათ დროზე ჩამოიბანოთ და ყველა, დიდიან-პატარაიანა (ვინც იცოდა, ვინც შეუკვეთა, ვინც აღასრულა და ვინც გაავრცელა) სასწრაფოდ გამოავლინოთ და ჩასვათ, თორე მალე ამ შარდის სუნით აყროლდებით. დამიჯერეთ“- დაწერა გუშინ გიორგი მშვენიერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






