მისი თქმით, არტისტის ცხოვრება არაჩვეულებრივია, ასაკის მიუხედავად მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი უნდა იყოს, რასაც თან ახლავს მდიდრული კაბები, სამკაულები, აპლოდისმენტები და კომპლიმენტები.
ქართველი მეცო-სოპრანო ნონა ჯავახიძე 16 წელია პარიზში ოჯახთან ერთად ცხოვრობს . წლებია მსოფლიოს ცნობილ პრესტიჟულ საოპერო თეატრებში ცნობილ მომღერლებთან - რენე ფლემინგთან, ბარბარა ფრიტოლისთნ, ვლადიმერ გალუზინთან და მარჩელო ალვარესთან სცენაზე დგას. ამბობს, რომ გაუმართლა და დღეს თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.
საქართველო 1997 წელს დატოვა. 7 წლის ვაჟთან და მეუღლესთან დაშორება ძალიან გაუჭირდა. მისი თქმით, საფრანგეთში კარიერის დაწყება ადვილი არ იყო. პარიზში მხოლოდ 100 დოლარით ჩავიდა და ისიც მეტროში დაკარგა.
"უცხო ქვეყანაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და სწორად მიმართვა ძლიერ ხასიათს, დიდ შრომისუნარიანობას, კონცენტრაციას, დაკვირვებას, რისკსა და დიპლომატიის უნარს მოითხოვს.
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული არტისტი კონკურენტია, სამუშაოს ართმევს აქაურ მომღერლებსა და იმპრესარიოებს. საფრანგეთში მხოლოდ დიდი თეატრებია (გერმანიისგან განსხვავებით, სადაც ნებისმიერ სოფელს აქვს თეატრი), სამუშაო ცოტაა და ინტეგრაციას მინიმუმ 2-3 წელი მაინც სჭირდება, რადგან ყველა სპექტაკლის შემადგენლობა უკვე რამდენიმე წლით ადრეა დამტკიცებული", - ამბობს ჯავახიძე.
საკონცერტო პროგრამებში ხშირად რთავს ქართულ ხალხურ სიმღერებს. მისი თქმით, უცხო მსმენელს განსაკუთრებულად "სისატურა", "ჩონგური", სულიკო" და რუსუდან სებისკვერაძის "სიყვარულთან თამაში" მოსწონს.
საოპერო პარტიებსა და საკონცერტო პროგრამებს 12 ენაზე ასრულებს. ქართულ, რუსულ, უკრაინულ, ჩეხურ, პოლონურ, ლათინურ, იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ და არამეულ ენებზე.
მეცო-სოპრანო მიიჩნევს, რომ უკვე სამი სამშობლო აქვს: უკრაინა, სადაც დაიბადა, საქართველო, სადაც ახალგაზრდობის წლები გაატარა და საფრანგეთი სადაც მისი ვარსკვლავური კარიერა დაიწყო.
საქართველოში ბოლოს როდის იმღერა აღარ ახსოვს. ამბობს რომ ქართული პუბლიკა და ყველაფერი ქართული ენატრება.
პარიზში მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო ამჟამად, საქართველოში მოძრაობა ,,სამართიანი საქართველოსთვის" ლიდერის, საპრეზიდენტო კანდიდატის სერგო ჯავახიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ამბობს, რომ ხელოვანის მხრიდან პოლიტიკოსების ღიად მხარდაჭერა მისთვის მისაღებია, მითუმეტეს, როცა ქვეყანას კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ღირსეული პოლიტიკოსები სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






