„ჩვენ, 4 პოლიტიკური პარტია, გამოვხატავთ რა, საზოგადოების იმ ნაწილის განწყობას ვისაც მიაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოში მიმდინარე ყველა მოვლენა „ქართული ოცნების“ და მისივე სცენარით მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყოს, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოების პროტესტი დღეს რეალურად ბევრად უფრო ფართოა და მასშტაბური, ვიდრე რუსთაველის გამზირზე გამართული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის აქცია! დაბეჯითებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს ადეკვატურობა შექმნილ ვითარებაში და დაუყოვნებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
1. საქმე გამოძიებულ იქნას სრულყოფილად. ნახევარზომების გატარება და მეორეხარისხოვანი ფიგურანტების დაკავება კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე პასუხებს. აუცილებელია როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლების, ასევე პროკურატურის თანამდებობის პირების დაკავება, რომლებიც მონაწილეობდნენ დანაშაულის დაფარვაში. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამოძიება წარმართოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა ორგანომ და არა ბოკერიას საპარლამენტო კომისიამ ან შსს-მ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სწორედ ამ საქმის ირგვლივ წამოჭრილ კითხვებზე;
2. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების მანკიერი სისტემის რეალური და არა კოსმეტიკური ცვლილება. შოთაძის გადაყენება არის თამაში „ერთი ბარტყის გადაგდების“ პრინციპით და ეს თამაში ხელისუფლებას და ქვეყანასაც ახალ თავსატეხებს გაუჩენს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაყენებულ იქნას იუსტიციის მინისტრი და ამ მანკიერი სისტემის შემქმნელი სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
ჩვენი აზრით სწორედ ეს არის რეალური გამოსავალი მუდმივი კრიზისიდან და ჭაობიდან და არა ისედაც რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შეტანა!“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა, „თავისუფლება“ - კონსტანტინე გამსახურდია, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - აკაკი ასათიანი და „ქრისტიან-დემოკრატები“ - გოჩა ჯოჯუა
მასალის გამოყენების პირობები






