პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა.
მისი თქმით, დაზარალებულებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საგზაო უსაფრთხოების თემასთან და ტექნიკური გამართვის საკითხებთან არის დაკავშირებული.
„პირველადი საუბრებით რაც ირკვევა, ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს უშუალოდ საგზაო უსაფრთხოების თემასთან და ასევე, ტექნიკური გამართვის საკითხებთან. რამდენადაც მშობლებმა ჩვენთან თქვეს, მათ ჰქონდათ შეთანხმება კონკრეტულ კომპანიასთან, კომპანიის სახელი, სამწუხაროდ, ჩემთვის არ არის ცნობილი და ეს გახდება ცნობილი, მე ვფიქრობ, მსვლელობის დროს. ისინი ელოდებოდნენ ავტობუსით მგზავრობას და დილით, პრაქტიკულად, მათ დახვდათ ორი მიკროავტობუსი და ამდენად, ამ კომპანიის მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 23-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მასალის გამოყენების პირობები






