როგორც ,,ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში შეხვედრაზე გადაწყდა, აქცია კვირას პარლამენტის შენობასთან 16:00 საათზე დაიწყება და მის ორგანიზაციულ ნაწილს „ლეიბორისტული“ პარტია უზრუნველყოფს. მიტინგის გამართვის ნებართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას ნათელაშვილის პარტიიდან მიმართავენ.
ოპოზიციური პარტიები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ გაერთიანდნენ. მთავარი მოთხოვნაა ხორავაზე მოკლული მოზარდებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეებზე დამნაშავეების დასჯა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მტკიცებულებები გააყალბა და დამნაშავეებს ხელი დააფარა.
„მიტინგი არის უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და უკან დაუხეველი. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით, პარლამენტის თვითლიკვიდაციით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის, ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა კვალის აბნევის სტრატეგია“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძეა იქ უნდა იყოს მთელი საქართველო.
„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა არის ის მოთხოვნები, რომლებსაც აყენებს ბატონი სარალიძე და ბატონი მაჩალიკაშვილი. არც მეტი, არც ნაკლები, ანუ დაისაჯოს ყველა ის მკვლელი, რომელმაც მოუკლეს შვილი სარალიძეს და მოუკლეს შვილი მაჩალიკაშვილს და ყველა ის ადამიანი ,რომელმაც ხელი დააფარა მკვლელებს.
რა თქმა უნდა, სადაც ბატონი მაჩალიკაშვილია და სადაც ბატონი ზაზა სარალიძეა იქ უნდა იყოს მთელი საქართველო“ - აცხადებს მელია.
"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი აღნიშნავს, რომ მთავარი ამოცანა შვილმკვდარი მამაების გვერდით გომა და რეზონანსული საქმეების ობიექტურად გამოძიებაა.
"ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან მკვლელების და მათი დამფარავების დასჯას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს. იმედი გვაქვს, რომ ვისაც გული სტკივა იმაზე რაც ხდება ქვეყანაში, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური კროიზისია, რომ ხელისუფლებას თავხედობა ეყო მკვლელბს იფარავს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს"- აღნიშნა ქარდავამ.
ოპოზიციის განცხადებით, თუ 10 ივნისამდე დამნაშავეებს არ დასჯიან, აქციაზე სხვა მოთხოვნებიც გაჟღერდება.
ამ ეტაპზე უცნობია შეუერთდება თუ არა აქციას „ევროპული საქართველო“. „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ორი დღის წინ გამართულ კონსულტაციებზე, პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა გაირკვევა, რომელი პარტია იქნება ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზატორი.
მასალის გამოყენების პირობები






