ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საუბრობს. ჩარკვიანი თვლის, რომ მთავარი პროკურორის შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც უნდა გადადგეს. ასევე, უნდა გამოიცვალოს მთავრობა, მაგრამ ისე, რომ ამან სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევა არ გამოიწვიოს.
"მე 6 წელია, ამ ყველაფერს ვაანონსებდი, რომ პროკურატურაში უბედურება ხდებოდა. 6 თვეა, ზაზა სარალიძე გაუბედურებული, საცოდავად დგას და მიმართავს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ მან იქ ვერ იპოვა სამართალი. ახლა კი ეუბნებიან, რომ მოდი და კიდევ გვენდეო. ეს კაცი კი ამბობს, რომ 6 თვე არაფერი გამიკეთეთ, ყველაფერი თქვენ გამიყალბეთ და ისევ თქვენთან მოვიდე? ეს ადამიანი ითხოვს გამყალბებლების წასვლას, რაც ბუნებრივი მოთხოვნაა.
მე პირადად დამირეკეს და მითხრეს, რომ იქ ნუ დგახარ, იქ ზონდერები არიანო. გვარს და სახელს არ დავასახელებ, ძალიან ნაცნობი პერსონაა. პასუხად მივუგე: თქვენ იცით, რომ ზონდერები არიან და გარეთ უშვებთ? არ დაინტერესდით, არ დაიჭირეთ-მეთქი?
მძიმე მდგომარეობაა: დღეს გაიფიცნენ მემანქანეები. ქვეყანა ოფიციალურად არის შესული კოლაფსში. მე მომხრე ვარ, რომ მთავრობა გამოიცვალოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფო თავზე არ ჩამოვინგრიოთ.
ქუჩიდან აყირავებები ძალიან არასახელმწიფოებრივია. ამ ეტაპზე უნდა გამოიცვალოს პროკურორთან ერთად იუსტიციის მინისტრი და უფრო მისაღები კანდიდატურა იქნეს დანიშნული, რადგან ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევას"- აცხადებს "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანი.
მასალის გამოყენების პირობები






