როგორც სარალიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, მისი შვილის მეგობრები აგრესიულად არიან განწყობილები და მკვლელობაში ბრალდებულებისა და საქმის ფიგურანტების ანგარიშსწორებით იმუქრებიან.
მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ სისხლისღვრა დაუშვებელია, ამიტომ ის პრევენციული ღონისძიებების გატარებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ითხოვს.
ზაზა სარალიძის თქმით, აღნიშნული საშიშროების შესახებ პროკურორს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის პასუხის ცინიკური იყო.
"ვუთხარი, რომ ამ საზარელ ფაქტს შეიძლება გაგრძელება მოჰყვეს, ჩემი შვილის უკან მისი მეგობრები არიან, რომლებიც ძალიან აგრესიულად არიან განწყობილები. რაღაცებს გეგმავენ, ცდილობენ დააზიანონ მკვლელების ოჯახის წევრი, ან მკვლელობაში მონაწილე პირები. მე არ მინდა "მალალეტკების ომი" ატყდეს. რაზეც პროკურორმა მითხრა: ატყდეს არა არის პრობლემაო, ეს მითხრა პროკურორმა გუგუშვილმა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში აქციის გამართვას გეგმავს. სარალიძე საზოგადოებას და მათ შორის პოლიტიკოსებს გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.
"ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მიიღებს მასიურ სახეს. დიდი იმედი მაქვს მოსახლეობა გვერდში დამიდგება ჭეშმარიტების დადგენაში. მივმართავ ყველას - პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობოები, მთავრობის წარმომადგენელი თუ სხვა"- თქვა ზაზა სარალიძემ.
მოკლული არასრულწლოვანის მამამ საქმის მასალები "ღია პლატფორმის" წარმომდგენლეებს დახურულ შეხვედრაზე გააცნო.
სარალიძე ამბობს, რომ გავლენიანი მფარველების გამო, გამოძიება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.
მეტიც, მისი თქმით, პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.
"პროკურატურაში როდესაც განაცხადი შემქონდა მირზა სუბელიანის წინააღმდეგ, ვიღაც პირი მობილური ტელეფონით ჩუმად დაგვდევდა და ვიდეოს გვიღებდა", - განაცხადა სარალიძემ.
მოკლულის მამა იხსენებს, რომ სხვა დროსაც იყო შემთხვევები, როცა უცხო ავტომობილი აეკიდა და უთვალთვალებდა.
"პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, თან სამართლიან წინაღმდეგობას, რომელიც თვითონ არ უნდათ, რომ აღიარონ. როცა პროკურატურაში მირზა სუბელიანის წინააღმდეგ განცხადება შემქონდა, ვიღაც პიროვნება თავისი კუთვნილი ტელეფონით ჩუმად დადიოდა და ვიდეოს მიღებდა. მანამდე კონკრეტულად ვიდეოგადაღების ფაქტები არ შემიმჩნევია, მაგრამ რამდენჯერმე შევნიშნე ერთი და იგივე მანქანა როგორ დამყვებოდა"- თქვა მოკლული მოზარდის მამამ.
ზაზა სარალიძის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა არაერთხელ სცადა, თუმცა,ძალოვანი უწყებიდან მასთან შევხედრის სურვილი არ ყოფილა.
„მოვითხოვე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ როგორც ჩანს, სამწუხაროდ, თვითონ არ ინება ჩემთან შევხედრა. იმ კადრებით, რომელსაც მირზა სუბელიანი ფლობს, ის არამხოლოდ პროკურატურას აშანტაჟებს, არამდე მთელ სახელმწიფოს. ამ კადრების გამოჩენა ძალიან კარგად იცით, რომ სახელმწიფოს ამოტრიალების ტოლფასია. მთელი სისტემაა ჩართული ამ პროცესში, რომ ჩემი შვილის მკვლელები არ გამაოშაკარავდნენ, თორემ აქამდე ნებისმიერი მთავრობის წარმომდაგენელი დაინტერესდებოდა ამ საქმით“, - აცხადებს სარალიძე.
"2 დეკემბერს ჩემს შვილთან ერთად მე მომკლეს, მკვდარი მეორედ არ კვდება. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ჩემი შვილის მკვლელები გამოვიდნენ სააშკარაოზე“- ამბობს ზაზა სარალიძე.
პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






