განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პირველადი შეფასებით უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ 13 ათასმა აბიტურიენტმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. წელს აბიტურიენტთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზეც ლაპარაკობს.
ფიზიკაში - ზღვარი გადალახა მონაწილე პედაგოგთა მხოლოდ 3,93%-მა, ქიმიაში - 8,97%-მა, დაწყებით პედაგოგიკაში კი - პედაგოგთა მხოლოდ 6,48%-მა. მიმინოშვილის განცხადებით, ეს თემა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა, თუმცა, მისი თქმით შედეგები საგანგაშო არაა, რადგან გასული წლების რეალურ მაჩვენებელს მასინდელი ხელისუფლება მალავდა:
"მაგალითად, ფიზიკის საგამოცდო შედეგები 2011 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ეს გამოცდა, 92% იყო იმ პედაგოგების რაოდენობა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს და ეს ოდნავ გაიზარდა და წელს 94%-ია. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ, სამწუხაროდ, წინა წლებში ეს თემა იყო ტაბუდადებული,"-განაცხადა მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოს იქნება ცნობილი. სააპელაციო განაცხადების შეტანის ვადა გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიეტებისთვის 13, პედაგოგებისთვის-16 აგვისტოს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები






