შემთხვევა თბილისში, კანკავას ქუჩაზე მოხდა, როცა პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ გიორგი ჯ.-ს დაკავება სცადა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ჯ. შეიარაღებული იყო, ხოლო მის კუთვნილ ავტომანქნაში კიდევ ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა:
"თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გიორგი ჯ. თბილისში, კანკავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი "აუდის" მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი "ზიგზაუერი", 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)",-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






