„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, პირველი ხორცპროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:08, 17 May, 2018     1165
„საპარტნიორო ფონდის,“ ქართულ-ესპანური კომპანია „Native Georgian”-ისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ჯიშის ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტებისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო.

უნიკალური ჯიშის ქართული ღორისგან დამზადებული კერძები დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, კულინარებმა, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის „Deraza Iberico S.L.“-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „Native Georgian“-ის დამფუძნებლებმა რეხინო დიაზ დელ რიოსამ და ლუის სანს კასადომ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური „იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს.

აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ქართული ღორის პირველი ხორცპროდუქტისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციისთვის სპეციალურად შეირჩა რამდენიმე სახეობის პროდუქტი, რომელთაგან აღიარებულმა შეფ-მზარეულებმა 15 დასახელების კერძი მოამზადეს. დამსწრე სპეციალისტების მხრიდან მათ უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს უნიკალური ქართული ხორცპროდუქტების ბრენდირების პროცესი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ საკვებზე გაზრდილი ქართული მთის ღორისგან წარმოებული პროდუქტის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ბრენდირებული სახით რეალიზაციას გულისხმობს და სახელმწიფო მონიტორინგის ზედამხედველობით, ხარისხის აღმნიშვნელი ვარსკვლავების მინიჭებას ითვალისწინებს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgian”-ის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 750.000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული

ხამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმის მშენებლობა რაჭაში, სოფელ ღარში მიმდინარეობს.

„Deraza Iberico S.L.“-ის შესახებ:

ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“ პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.“ თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვებმა 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 85 მილიონ ევროს გადააჭარბა. „Deraza Iberico S.L.“ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, იაპონია, კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, მაკაო, ვიეტნამი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, იტალია და სხვა. „Deraza Iberico S.L.“ არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ღორის ხორცისგან ცნობილი ხამონის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42