21 წლის აკაკი ფოცხვერაშვილი 10 აგვისტოს შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
აკაკი ფოცხვერაშვილი წარსულში თანასოფლელების მაღაზიისა და 6 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობისთვისაა ნასამართლევი, თუმცა, მეზობლები ამბობენ, რომ მაღაზიიდან მხოლოდ ტკბილეული მოიპარა, საქონლის ქურდობა კი დააბრალეს.
სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული აკაკი ფოცხვერაშვილის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა ეკლესიის შესაწირი ყუთიდან მოპარული 55 ლარით პური და ძეხვი შეიძინა ,დანარჩენი თანხა კი არ დაუხარჯავს. ამის შესახებ, ფოცხვერაშვილის დედამ "ქიზიყი.ჯი"-სთან საუბრისას განაცხადა.
ეჭვმიტანილი სოციალურად დაუცველი, 7 შვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრია, ოჯახის წევრების დიდი ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. ისინი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ. როგორც დაკავებულის მეზობლებმა განაცხადეს, ოჯახს არც საკუთარი ჭერი გააჩნია და უკვე მერამდენე წელია თავს სოფელში მდებარე ყოფილი აბანოს ძველ, ამორტიზებულ შენობას აფარებენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1992 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა გვიან ღამით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში ფარულად შეაღწია და შესაწირავის ყუთიდან ფული მოიპარა. დედოფლისწყაროს სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აკაკი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს, ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
მასალის გამოყენების პირობები






