დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული სამი პირის - დავით ჩუბინიძის, დავით გიორგაშვილისა და ვლადიმერ ზანგიევის ადვოკატები.
პროკურორ შუქრი ზაალიშვილის თქმით, დასკვნითი სიტყვა მტკიცებულებებზე იყო დამყარებული.
"მოწმეთა ჩვენებები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არსებობს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ბაჩანა ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმა ჩაიდინეს ის დანაშაულები, რაც წარდგენილია ბრალდებაში. დღეს სამმა ადვოკატმა წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა და მათ ვერ გააბათილეს ბრალდების არგუმენტები. რაც შეეხება რეინჯერების კურსს, დაზარალებულებს საერთოდ არ გაუვლიათ ეს კურსი არ არსებობს პროგრამა და დოკუმენტი, და ეს იყო მოგონილი იმისათვის, რომ შეენიღბათ ცემის და წამების ფაქტები", - აცხადებს პროკურორი.
ადვოკატების განცხადებით კი, პროკურატურის არგუმენტები სუსტი იყო და ყველა მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, შანტაჟის და გამოძალვის შედეგად არის მიღებული.
ბაჩო ახალაიას ბრალდება ეხება 2012 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს, როდესაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დროს პოლიტიკური შეხედულებების გამო ბაჩო ახალაიას ორგანიზებით შვიდი ადამიანის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები






