როგორც სპორტსმენის მეგობარი თემურ ბახუნდარიძე "გურია ნიუსთან" ამბობს,რომ წულუკიძეს რელიგიური ნიშნით დევნიან:
"თვითონ ფირუზი ვერ დაგელაპარაკებათ, ძალიან გამწარებულია, მობილურიც კი დაამტვრია, იმ დონეზე მიიყვანეს ბიჭი. ადამიანი, რომელიც არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და წლევანდელი ახალგაზრდული ტურნირის ჩემპიონი, მუსულმანობის გამო, ტერორისტებთან კავშირშია დადანაშაულებული. ამ ბოლო დროს შემოგვიტიეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა - გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ საშიში ამ სახელმწიფოსთვის.
არ ვიცი, რაში გამოიხატება ეს საშიშროება, რადგან კანონს არ ვარღვევთ. წულუკიძეს მუსულმანობის გამო შეუქმნეს პრობლემა, იმიტომ, რომ არ გაიპარსა წვერი და არ მოეშვა ლოცვებს. ამისთვის კომპიუტერში გადაუსვეს წითელი ხაზი და ქვეყნიდან გაუსვლელობა მოსთხოვეს. ბიჭმა მსოფლიო ჩემპიონატამდე "სბორები" გაიარა, ნაკრები კი მის გარეშე გაფრინდა."
თემურ ბახუნდარიძის თქმით, სპორტსმენს პირდაპირ უთხრეს, რომ ვაჰაბისტებთან მეგობრობის გამო, ნაკრების არასასურველი წევრი იყო. მას წვერის გაპარსვა შესთავაზეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა:
"პირდაპირ უთხრეს, არასასურველ პირებთან გაქვს საქმეო, რადგან ჩემთან და მუსულმან ძმებთან მეგობრობს. კი, მაგრამ, ვისთან იმეგობროს? მუსლიმანს მუსლიმანი სულიერი ძმები უნდა ჰყავდეს. ეს პრობლემაა 1 თვეა დაიწყო _ 3-4 ჯერ დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ სამწვრთნელო საქმიანობა უნდა შემეწყვიტა. მე მწვრთნელი ვარ, ამიკრძალეს ისლამის მოწოდება, ამიკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა. მე რომ არ დავეთანხმე, ბავშვებზე დაიწყეს ზეწოლა _ მივიდნენ მშობლებთან და გააფრთხილეს, ბავშვები არ ატაროთ, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო._ -ამბობს ბახუნდარიძე "გურია ნიუსთან".
მისი თქმით, ბათუმის პოლიციაში თემურ კვანტალიანმა დაიბარა და უთხრა, თუ ვაჰაბისტებს თავს არ დაანებებდა, მასაც და მის სპორტსმენებსაც დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ.
"გურია ნიუსმა" ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურთან სცადა დეტალების გარკვევა. პრესსამსახურმა სპორტსმენის ჩემპიონატზე წაუსვლელობის მიზეზად მისი სპორტული ტრამვა დაასახელა. გამოცემა წერს, რომ საქმის გარკვევის პირობა შს სამინისტროდან მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






