სპეციალისტების თქმით, „მკვლელი ნარკოტიკი“ ე.წ. ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ აღნიშნული სინთეტიკური ნივთიერების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, სულ რაღაც 15 წუთშია შესაძლებელი.
ასეთი ვებგვერდების არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, თუმცა ამბობენ, რომ დაბლოკვის მიუხედავად, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით შეძენის შესაძლებლობა მაინც არსებობს. როგორც ირკვევა გახარიას უწყებას დაბლოკვის თხოვნით კომუნიკაციების მარეგულირებლისთვის არაერთხელ მიუმართავს, თუმცა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული სივრცის სრულად გაკონტროლება, ქართველ სამართალდამცავებს უჭირთ.
"თეთრი ხმაურის მოძრაობაში", რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის იბრძვის, ვარაუდობენ, რომ შავ ბაზარზე ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ადამიანებების სიკვდილს იწვევს მიზანმიმართულადაა შემოტანილი.
ფაქტია, რომ ნარკოტიკების შავი ბაზარი ისევ "მოწოდების სიმაღლეზეა". საზოგადოებაში კი უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ - შესაბამისი სტრუქტურები მკვლელი ნარკოტიკების მომწოდებლებს სათანადოდ არ ებრძვიან ან უარესი, სახელმწიფო სისტემაში ნარკორეალიზატორებს ლობირებენ, რადგან ყველასთავი ცნობილია, რომ "ამ ბიზნესში დიდი ფული ტრიალებს".
პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ლიბერალური მიდგომა ნარკომომხმარებლების მიმართ, რაც გამოიხატება როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარებაში, ასევე მათთვის სამედიცინო და სხვა ტიპის მომსახურების გაწევაში.ომბუდსმენი ფიქრობს, რომ სწორედ მკაცრი ნარკოპოლიტიკა უწყობს ხელს შავ ბაზარზე "მკვლელი ნარკოტიკის" გავრცელებას.ლომჯარია ამავე დროს განმარტავს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არ გულისხმობს ლიბერალურ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ და ამ კუთხით პოლიტიკა კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
ამცირებს თუ არა მკაცრი ნარკო-პოლიტიკა მომხმარებელთა რიცხვს, რამდენად ეფექტურად იბრძვიან შესაბამისი ძალოვანი უწყებები რეალიზატორების წინააღმდეგ და ვის ეკისრება 10 -მდე ახალგაზრდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა - ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ სამართალდამცავებთან შეეცადა:
ყოფილი პროკურორი, მამუკა გვარამია ამბობს, რომ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების რეალიზატორების პრობლემას არ მოაგვარებს, ფატალური შემთხვევები კვლავ გაგრძელდება.
"კი, ნარკოტიკის შეძენა ინტერნეტით არის შესაძლებელი, თუმცა რეალიზატორები ხომ აქ არიან? ვინც აღნიშნულ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, იმას ნარკოტიკი უკვე საქართველოში აქვს. ქვეყანაში ინტერნეტით ნარკოტიკების შეძენაში კი არ არის, საგანგაშოა ნარკორეალიზატორების არსებობა"- ამბობს ყოფილი ძალოვანი.
მამუკა გვარამიას თმით, სამართალდამცავ სტრუქტურებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, თუნდაც უწყებაში შესულ განცხადებებზე, რომ ქალაქში ე.წ. მკვლელი ნარკოტიკი იყო შემოსული, ვითარება ფატალურად არ დასრულდებოდა.
"გეთანხმებით, რომ ზოგადად ინტერნეტის კონტროლი ძალიან რთულია, მაგრამ როცა გარკვეულ საიტზე იდება რაღაც, რომლის შეძენაც შესაძლებელია რამდენიმე წუთში და ნარკოტიკი გხვდება კონკრეტულ ადგილზე, ნარკოტიკი ხომ იმ მომენტში უცხოეთიდან არ შემოდის?! ეს ნარკოტიკი ხომ უკვე საქართველოში, კონკრეტულ გამავრცელებელს აქვს სახლში. შს სამინისტრომ ნარკოტიკების ქვეყანაში შემოტანას უნდა ებრძოლოს. სამწუხაროდ რაც დღეს ხდება მათი არასწორი პოლიტიკის შედეგია"- აღნიშნავს ყოფილი პროკურორი.
ყოფილი მთავარი პროკურორი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა, შექმნილ მძიმე სურათზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და შს სამინისტროს აკისრებს.
როგორც ზოდელავამ "ნიუპოსტს" განუცხადა, მინისტრმა გახარიამ პასუხიმგებლობა უნდა იგრძნოს და დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
მურთაზ ზოდელავას თქმით, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, ხომ არ დგას ნარკოტიკების რეალიზაციის უკან თავად ხელისუფლება?
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წევრი ზაზა ჭაიაც. მისი თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ნარკოტიკების ტრანზიტი მინიმუმამდე იყო შემცირებული.
"ახალგაზრდა თაობა ჯანსაღ ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული, პრიორიტეტი ენიჭებოდა სწავლა-განათლებას. სპორტული დარბაზები გავსებული იყო. დღეს კი როცა პოლიტიკური ნება არ არსებობს, როცა ასე ვთქვათ, არტახები ახსნეს, საგანგაშო სურათი გვაქვს.
როგორც გახსოვთ, ფონიჭალაში ნარკორეალიზატორობა თავიდან ბოლომდე აღმოფხვრილი იყო, მარტო გასულ წელს კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დღეში 5-10 ადამიანი გადმოყავდა ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით"- ამბობს ჭაია.
მისი თქმით, შს სამინისტრომ მხოლოდ საზოგადოების წნეხის შემდეგ დაიწყო ოპერატიული მოქმედებები, თუმცა დღემდე ვერ ახერხებს ნარკორეალიზატორების აღმოფხვრას.
ყოფილი სამართალდამცავი ხელისუფლების პასუისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, მმართველმა ძალამ საბედისწერო შეცდომები არა მარტო ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, არამედ დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლის კუთხითაც დაუშვა.
"შესაბამისი ორგანოები უმოქმედოები იყვნენ, როცა საქართველოში მასიურად დაიწყო მოწყვლად ჯგუფებზე, ბავშვებზე, ქალბატონებზე ძალადობა. შს სამინისტროს ეფექტური ღონისძიებები არ გაუტარებია, როცა ოჯახებისა და ბანკების მასიური ყაჩაღობა და მოხუცთა წამება დაიწყო. ეს არის დანაშაულებრივი სამყაროს შემადგენელი, რასაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგამდე მივყავართ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზაზა ჭაიამ.
გახარიას უწყებაში კი აღნიშნავენ, შს სამინისტრო ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზმნით აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს დღეს კი ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.
ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინსიტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ზოგიერთი ჯგუფები გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების ნაკლებად მავნებლობაზე საუბრობენ, რაც ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულს ახალისებს.
„ეს ადამიანები ამბობენ, რომ მაგალითად, პირობითად ვამბობ, "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები ან კიდევ ჰეროინი, არ კლავს. მიგვაჩნია, რომ ასეთი მსჯელობები, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ და მხოლოდ, ახალისებს ნარკოდანაშაულს, მხოლოდ და მხოლოდ ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას, ხელს უშლის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკოდანაშულის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
„შსს-ს პოზიცია არის, რომ მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს დეკრიმინალიზაცია არ უნდა შეეხოს,“ - ამბობს მეზვრიშვილი.
ამის პარალელურად, ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ 10 დღეში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური გუნდის შეფასებებს, "ქართული ოცნების" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მესამე სექტორის მიზანს ნარკომომხმარებლების რიცხვის ზრდა წარმოადგენს.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, სწორედ ამ ფონზე, როცა გარკვეული ჯგუფები არასამთავრობო სექტორის აანონსებენ დამოკიდებულებას, ულტიმატუმს და აცხადებენ თითქოსდა, უკიდურეს ზომას პროტესტის, რომ მათ უნდათ მიაღწიონ იმას, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდოს იმ კანონმდებლობით, რომელსაც ისინი სთავაზობენ სახელმწიფოს,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც თვლის, რომ მმართველმა გუნდმა ისეთი ნარკოპოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რომ ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები






