საწყისი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, თბილისშივე გაიარა რეზიდენტურა, ალ.წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში. ცოდნის გასაღრმავებლად რამდენჯერმე იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში. თავდაპირველად სტამბულში გაემგზავრა Haseki Training and Research Hospital - ის უროლოგიურ დეპარტამენტში, ენდოსკოპიური ქირურგიის კურსისთვის საფრანგეთს მიმართა CICE-ში (Centre International de Chirurge Endoscopique და CHU Estaing – ს, Universite d’Auvergne Clermont-Fd, France. ბოლოს კი გერმანიას ესტუმრა კლინიკურ ვიზიტზე Asklepios Klinikum Harburg . ტრენინგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან იგი უამრავ პროფესიონალ ექიმს შეხვდა, რომლებმაც საკუთარი მეთოდოლოგია გააცნეს. „ეს ტრენინგები საუკეთესო საშუალებაა, ნახო როგორ კეთდება ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა მეთოდით“.
გიორგი ხვადაგიანი თავის პროფესიაზე გვიყვება და გვიხსნის, რომ უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს. საზოგადოების ასაკის მომატებასთან ერთად მატულობს უროლოგიური დაავადებების სიხშირეც. უროლოგიური დაავადებები თავისი შინაარსით საკმაოდ მრავალფეროვანია. უროლოგები სწავლობენ საშარდე სისტემის ფუნქციებს და შეუძლიათ როგორც ქირურგიული ოპერაციების შესრულება, ისე დაავადებათა მედიკამენტური მკურნალობა. ხშირად უროლოგები გადიან ვიწრო სპეციალიზაციას სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: უროლოგიური სიმსივნეები, ბავშვთა უროლოგია. „საბედნიეროდ, მედიცინაში უროლოგია სიახლეების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად ახალ ტექნოლოგიებზე ვართ დამოკიდებულები. უპირატესობა ენდოსკოპიურ ქირურგიას ენიჭება, რომლის დროსაც განაკვეთები უფრო მცირეა, ანუ მინიმალურად ინვაზიურია. ამცირებს ოპერაციულ ტრავმულობას, დაზიანებული ქსოვილების მოცულობას, სისხლის დანაკარგი და ოპერაციის შემდგომი ტკივილებიც გაცილებით მცირეა“.
დღეს, გიორგი რეგიონულ ჰოსპიტალში მუშაობს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. როგორც თვითონ აღნიშნა, რეგიონული ჰოსპიტალის სპეციალისტებს მცდელობა აქვთ მედიცინის ყველა დარგში იყვნენ წამყვან პოზიციაზე. „მე ვხედავ მათ მონდომებას და მსურს, მათი გუნდის წევრობა. ამასთანავე, უროლოგიის კუთხით, ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ სრულ ქირურგიულ მომსახურებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. ცენტრი აღჭურვილია ბოლო თაობის აპარატურით. შესაძლებლობა გვაქვს პაციენტებს ვუმკურნალოთ თანამედროვე პროტოკოლის საშუალებით. მაქსიმალურად ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ გვერდითი მოვლენები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დადებით შედეგს.
გიორგი, დამწყებ მედიკოსებს ურჩევს, უპირველეს ყოვლისა, შრომას, სამედიცინო ლიტერატურის გაცნობას და თუ ისინი დაინტერესებულები არიან ჰქონდეთ დიდი არჩევანი ერთ ვიწრო პროფესიაში, უროლოგია სწორედ მათთვისაა.
მასალის გამოყენების პირობები