ამის შესახებ იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ცესკო ავრცელებს. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე ანგარიშის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არაკვალიფიციურად მიიჩნევს "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის საკითხზე. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 29.11 მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აღნიშნული დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამგვარად, "სამართლიანი არჩევნების" მიერ იმის მტკიცება, რომ ცესკოს თავმჯდომარემ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტაციას და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" მთლიანად გაიზიარა სასამართლოსა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო ეთერში ა.წ. 25 ივლისს. ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ნუ დააყენებენ თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა, რაც ეჭვქვეშ დააყენებს მათ კომპეტენციასა და მიუკერძოებლობას", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






