"მიმდინარე წლის 29 ივლისს გეგუთის #14 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების 1359 პატიმარმა კოლექტიური განცხადებით მიმართა: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას "ყოფილი პოლიტპატიმრები", "კონსტიტუციის 42-ე მუხლს" , ადამიანის უფლებათა ცენტრს და ტელეკომპანია მე-9 არხს.
მიმართვის ადრესატებისგან პატიმრები ითხოვდნენ რეაგირებას და პოზიციების დაფიქსირებას კოლექტიურ მიმართვაში მოყვანილ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. კერძოდ, მსჯავრდებულების მოთხოვნა შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლის (ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა) გაუქმებას. მათი აზრით, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ბევრი პატიმარი უკანონოდ იხდის სასჯელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა დასჯად ქმედებას უნდა წარმოადგენდეს, თუკი იგი გამოვლენილია ამ სამყაროსათვის დამახასიათებელ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში. სსკ-ის 223(1) მუხლის გაუქმება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია იმის გათვალისწინებითაც, რომ ქურდული სამყარო წარმოადგენს დანაშაულებრივ სისტემას, გაერთიანებას, რომელსაც სათავე დაედო საბჭოთა კავშირის დროს. იგი მსგავსია იტალიური მაფიისა, რომლის წევრობაც და აქედან გამომდინარე კრიმინალური საქმიანობაც დასჯად ქმედებად ითვლება. გასათვალისწინებელია აღნიშნული ნორმის მიღების მაღალი მიზანი - ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების თვითნებობისა და დანაშაულებრივი საქმიანობის აღმოფხვრა საქართველოში. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს ამ დანაშაულისაგან დაცვის ობიექტსაც - საზოგადოების უსაფრთხოებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს გეგუთის #14 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების პატიმართა მოსაზრებას, რომ ბოლო წლებში ბევრი პატიმარი უსამართლოდ იხდის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლის (ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა) საფუძველზე, რაც გამოწვეულია ნორმის ბუნდოვანებით, მუხლის არასწორი განმარტებით და მასზე დაყრდნობით სამართალწარმოებაში მავნე პრაქტიკის განვითარებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ქმედების კვალიფიკაციის სუბიექტები სისხლის სამართლის კოდექსის 223(1 )მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის საკმარისად მიიჩნევენ პირის აღიარებას, რომ იგი არის ქურდული სამყაროს წევრი ან "კანონიერი ქურდი". ამის გამო არასაკმარისი მტკიცებულებებისა და საქმის ობიექტური გამოკვლევის გარეშე ადამიანებს ბრალად ერაცხებოდათ სსსკ-ის 223(1 )მუხლით გათავალისწინებული დანაშაული.
ასევე, ბოლო წლებში ხშირი იყო შემთხევები, როდესაც საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულთა სასჯელები უსამართლოდ მძიმდებოდა სსსკ–ის 223(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით. იყო ფაქტები, როცა ბრალდებულთა აღიარებები მოპოვებული იყო იძულებით ან ძალადობით. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათთვის არასასურველი პიროვნებების სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა ანგარიშწორების საფუძველზე, სსკ-ის 223(1) მუხლის გამოყენებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა. სისხლის სამართლის კოდექსი არ ახდენს ტერმინების "ქურდული სამყაროს წევრობისა" და ,,კანონიერი ქურდობის" დეფინიციას, რაც გარკვეულ პრობლემებს იწვევს სისხლის სამართლის პრაქტიკაში.
ამ ტერმინთა განმარტებას იძლევა საქართველოს კანონი "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ". ამ კანონის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყარის "სპეციალური წესების" შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს".
თავად ქურდული სამყარო განმარტებულია "პირთა ნებისმიერ ერთობად, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი /აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღება".
იმისათვის, რომ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად სწორად დაკვალიფიცირდეს, ქმედებისათვის კვალიფიკაციის მიმცემმა სუბიექტმა სათანადოდ უნდა მოახდინოს გაანალიზება იმ "სპეციალური წესებისა" და "ქურდული სამყაროსი", რომლის საფუძველზეც შესაძლოა, მოქმედებდნენ სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს ამ "სპეციალურ წესებსა" და მის ნუსხას. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ქმედების სწორად კვალიფიციისათვის, იცნობენ თუ არა ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ "სპეციალურ წესებს" საგამოძიებო ორგანოები ან სასამართლოები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–7 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ქურდული სამყაროს წევრობად ან კანონიერ ქურდობად, იგი გამოხატული უნდა იყოს კონკრეტულ კრიმინალურ ქმედებებში (მოქმედებაში ან უმოქმედობაში). კანონიერი ქურდობის ან ქურდული სამყაროს წევრობის მხოლოდ სტატუსის გამო (რასაც განსაზღვრავს სსკ–ის 223(1) მუხლი), პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და დანაშაულის არსს. სისხლის სამართლებრივად დაუშვებელია პირის დასჯა მოსაზრებების, მენტალიტეტის და იდეოლოგის გამო, თუკი მისი მენტალური განწყობა არ გამოიხატება კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში.
სამწუხაროდ, ბოლოდრონდელი პრაქტიკით, გვაქვს მდგომარეობა, როდესაც პირს შეიძლება ბრალად შეერაცხოს სსკ–ის 223(1) დანაშაული, თუკი იგი აღიარებს, რომ არის ქურდული სამყაროს წევრი ან კანონიერი ქურდი. ვთვლით, რომ ამგვარი აღიარება ნამდვილად შეიძლება გახდეს ყურადსაღები გარემოება გამოძიებისათვის, რათა შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ ფაქტით, მაგრამ კონკრეტული ქმედების გარეშე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და პირის პასუხისმგებლობაში მიცემა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და ადამიანის უფლებების არსს.
იმისათვის, რომ შეწყდეს სსკ–ის 223(1) მუხლის ანგარიშწორების საშუალებად გამოყენება, მიზანშეწონილია აღნიშნულმა მუხლმა შეიძინოს უფრო მეტი სიცხადე და განჭვრეტადობა. აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისას საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ ყურადღება მიაქციონ "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ქურდული სამყაროს მახასიათებელ შემდეგ ნიშნებს: პირთა გაერთიანებას, გაერთიანების მოქმედებას ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი სპეციალური წესების შესაბამისად და მათი ქმედების მიზანს მატერიალური სარგებლის და გამორჩენის მიღების სახით.
ქურდული სამყარო არის ორგანიზებული ჯგუფი თანაამსრულებლობის ფორმით. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს სსკ–ის 223(1) მუხლის შესაბამისად, საკმარისი არ არის ის, რომ პირმა აღიაროს ქურდული სამყაროს წევრობა და წესები. ამისათვის თავად ქურდულმა სამყარომაც უნდა აღიაროს იგი წევრად. ასევე, პირმა აქტიურად უნდა იმოქმედოს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის საკმარისი არ არის პირის აღიარება, რომ იგი არის ქურდული სამყაროს წევრი ან კანონიერი ქურდი, მისი სტატუსი კონკრეტულ ქმედებებში უნდა იქნას გამოვლენილი.
სსკ–ის 223(1) მუხლით გათვალისწინებული ობიექტური მხარე გვექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის აღიარება ასევე გამოხატული იქნება ქურდული სამყაროს დანაშაულებრივი მიზნების განხორციელებაში. მხოლოდ ე. წ. ქურდული მენტალიტეტის ქონა არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას. ასევე, ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს, მოქმედებდა თუ არა პირი ე.წ. "ქურდული წესების" შესაბამისად. იმისათვის, რომ სასამართლომ სწორად დააკვალიფიციროს ქმედება და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი, აუცილებელია, ქმედების კვალიფიკაციისას მან შეამოწმოს, მოქმედებდა თუ არა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კანონით გათვალისწინებული, ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი "სპეციალური წესებით". თუმცა, კითხვებს ბადებს ისიც, თუ საიდან უნდა მოიპოვოს სასამართლომ ეს "სპეციალური წესები", როდესაც იგი ნორმატიულად არ არის განსაზღვრული. რა თქმა უნდა სპეციალური წესების" მოპოვება ვერ მოხდება მხოლოდ განსასჯელის ჩვენებით, ასევე, სირთულე შეიძლება წარმოიშვას მაშინაც, როდესაც სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირი ტყუის ან დუმილის უფლებას იყენებს. ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელ ფაქტორებს: დაშინებას, მუქარას, იძულებას, ქურდულ გარჩევებს, დანაშაულისკენ წაქეზებას და სხვა.
გარდა ზემოთთქმულისა, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი სისტემის - ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტისა და მასზე დაფუძნებული მენტალიტეტის აღმოსაფხვრელად, საჭიროა, სახელმწიფომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ამ დანაშაულებრივი ინსტიტუტის შესახებ, გააცნოს მისი ნამდვილი არსი და მისგან გამოწვეული სავალალო შედეგები. ამგვარი საგანმანათლებლო მიდგომით ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური იქნება", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






